დაიბადა 1959 წელს.

1990 წელს დაამთავრა მოსკოვის ა.მ.გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი – პოეზიის ფაკულტეტი.
გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: „თმენის ფორმულა“ (1990 წ.) „სადაურსა სად წაიყვან“ (1992 წ.)
„ფაციკო“ (1995 წ.) „Пацико“ (1995 წ.) რუსულ ენაზე (გამომცემლობა „სანქტ-პეტერბურგი“)

„ზღაპრები და იგავები“ (2002 ).
„ზადო და ბადო“ (2004 ).
„ზღაპრები სამ წიგნად: „სოფელი სამსოკოთა“, „სპილენძის თუნგის ზღაპარი“, „მზის ზღაპარი“ (2006 ).
„ძილის წინ საკითხავი ზღაპრები“ (2008 ).
„ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ (2010 ).
2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
2004 წელს მიენიჭა შიო მღვიმელის პრემია. წიგნზე „ზღაპრები და იგავები“ – მთელი შემოქმედების გათვალისწინებით.
წიგნი - „ზღაპრები ბექნა ბიჭზე" საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებულ საბავშვო წიგნის II ფესტივალზე 2010 წელს გამარჯვებულად გამოცხადდა ორ ნომინაციაში:
„საუკეთესო ზღაპრების კრებული”,
„საუკეთესო ილუსტრირებული საბავშვო წიგნი”.
1995 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

ემზარ კვიტაიშვილი

მეზღაპრე ჯერ ახალგაზრდაა

(ბონდო მაცაბერიძის ლიტერატურული პორტრეტი)
(„ლიტერატურული პალიტრა“ N 5. მაისი. 2008 წ.)


სასიამოვნო და სასიკეთოა, როცა გამომცემელი, იმავდროულად სიტყვაზე უზომოდ შეყვარებული კაცი, მწერალიც არის, სწორედ ასეთი შემთხვევის კარგ მაგალითად მესახება ბონდო მაცაბერიძე, ვისი საბავშვო ზღაპრები მრავალფეროვნებით, ქართული სოფლის სანაქებო ცოდნით, პოეტურობითა და გონებამახვილობით გამოირჩევა.

ლიტერატურულ ზღაპარს ევროპაში სამი საუკუნის ისტორია მაინც აქვს და მოწინავედ სამი ქვეყანა – საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია გამოიყურება. ამ ჟანრს დიდ ყურადღებას უთმობენ რუსები და მათაც თვალსაჩინო მიღწევები აქვთ. შარშანდელი, 2006 წლის „ინასტრანნაია ლიტერატურას” საახალწლო ნომერი მთლიანად ლიტერატურული ზღაპრის პრობლემებს მიეძღვნა. მასში, წერილების გვერდით, დღემდე ნაკლებად ცნობილი არაერთი უცხოური ზღაპარია გამოქვეყნებული ინგლისური, გერმანული, იტალიური, პოლონური, რუმინული და დანიური ენებიდან თარგმნილი.

საბავშვო მწერლობაზე დაწერილ გამოკვლევებში ზოგჯერ ისეთ კურიოზებს წააწყდები, თვალს არ დაუჯერებთ. ცნობილმა რუსმა ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა ვადიმ რუდნევმა ხელახლა თარგმნა ალან მილნის გახმაურებული საყმაწვილო ზღაპარი „ვინი პუჰი” (თავგადასავალი მისი ვაჟის სათამაშო დათვისა, რომელიც წიგნში ნამდვილ დათვად იქცა), დაურთო მას შესავალი წერილი და კომენტარები, სადაც ამტკიცებს, რომ „ვინი პუჰი” უწყინარი, ყმაწვილების გასართობი ზღაპარი სრულებითაც არაა და იქ წარმოდგენილი ბავშვთა სამყარო „დაძაბული სექსუალური ცხოვრებით არის განმსჭვალული”. ავტორს უნივერსალურ მეთოდად მომარჯვებული აქვს ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი და ამ მოძღვრების შუქზე ზღაპარში ყველგან სექსუაური სიმბოლოები ელანდება; გულდინჯად, სერიოზულად გვიმტკიცებს – კურდღლის სოროში ჩამძვრალი და გაჭედილი მილნი საშოში ყოფნისას გადატანილ სივიწროვეს და მშობიარობის დროს გადატანილ ტრავმებს განიცდისო. ანდა, რა დაუოკებელი სექსუალური ლტოლვა უნდა ჰქონდეს ამავე ზღაპრის სხვა პერსონაჟს – მშიშარა, სასაცილო გოჭს, რომელსაც იების ყნოსვა უყვარს.

მილნის „ვინი პუჰს” კეროლის ზღაპრების მძლავრი ზეგავლენა ეტყობა, მაგრამ მისი ენა, შედარებით, ნაკლებად ხატოვანია და წარმოსახვის სიმდიდრითაც ვერ შეედრება „ალისას” ავტორს.

ლუის კეროლის „ალისაშიც” ხშირად ფიგურირებს სორო თუ ხვრელი, მაგრამ არც კეროლზე დაწერილი ესეების ავტორს ჩესტერტონს, არც კომენტატორს მარტინ გარდნერს, არც მთარგმნელს, საბავშვო მწერლობის საუკეთესო მცოდნეს ნინა დემუროვას აზრადაც არ მოსვლიათ, კეროლის ზღაპრებში სექსუალური სიმბოლოები ეჩხრიკათ. ფროიდის ფსიქოანალიზმა, მისი ზოგიერთი მიმდევრის ახირებამ იმდენად არ უნდა აგვიბნიოს თავგზა, წაგვართვას საღი მსჯელობის უნარი, რომ ყველგან, მითუმეტეს, ბავშვის საკითხავად განკუთვნილ წიგნებში, ფალიკური არქეტიპები ვეძებოთ. შემთხვევითი არ იყო, ანა ახმატოვა, ბევრი სხვა დიდი შემოქმედის მსგავსად, ფროიდს „ხელოვნების მტრად” რომ თვლიდა.

ქართული საბავშვო მწერლობის სათავეებთან, ჩვენდა საბედნიეროდ, გენიალური ვაჟა-ფშაველა დგას და მისი უკვდავი ქმნილებები - „დათვი”, „მამალი”, „წიფლისჩიტა”, „მელია-კუდაგრძელია”, „შვლის ნუკრის ნაამბობი”, „ჩხიკვთა ქორწილი”, „სათაგური”, „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ?”, „მელია სერეფენია” და სხვები იმის მაჩვენებელია, თუ რა გზით უნდა წარმართულიყო ჩვენში საყმაწვილო ლიტერატურა. ვაჟას ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად ითვლება რევაზ ინანიშვილი, რომლის მოთხრობები და ზღაპრები დიდად უწყობს ხელს მოზარდების სულიერ აღზრდას, აფაქიზებს მათ ბუნებას. აქვე უნდა გავიხსენოთ არჩილ სულაკაურის ბრწყინვალე ზღაპრები „სალამურას თავგადასავალი” და „ჯადოსნური კაბა”, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნის მწერლობას დაამშვენებდა. მშვენიერია ფოლკლორულ ძირებზე ამოზრდილი ზღაპარი ანზორ სალუქვაძისა „შეთე და ცისყამარი”. ქართულ საბავშვო პროზას დიდი ამაგი დასდო ნაადრევად გარდაცვლილმა ჯერჯერობით სათანადოდ დაუფასებელმა, მეტად ნიჭიერმა მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ, რომლის საუკეთესო ზღაპრები - „უფლისწული და ხელმწიფის ასული”, „ბედნიერების მაძიებელი უფლისწული”, „ზღაპარი ხელმწიფისა და მწყემსი ბიჭისა”, აგ¬რე¬თ¬ვე, რომან „განზომილებაში” ჩართული სამი ზღაპარი, ერთ წიგნად გამოცემული, ჩვენი საყმაწვილო მწერლობის თვალსაჩინო შენაძენი იქნებოდა. ხალისით იკითხება სოლომონ დემურხანაშვილის „მელია წვრილას თავგადასავალი”. ცხადია, ჩემეული ჩამოთვლა არასრულია და ეს კიდევ უფრო მეტ რწმენას უნდა გვინერგავდეს ხვალინდელი დღისადმი.

ამჯერად უკვე მთავარ სათქმელს მივუბრუნდები. სათქმელი კი, წერილის თემიდან გამომდინარე, არც ისე ცოტაა. „ზადო და ბადო” ბონდო მაცაბერიძის ზღაპრებიდან ყველაზე დიდია და ფათერაკებიანი თავგადასავლებითაც აღემატება დანარჩენებს, თავიდანვე შეუმცდარად არის შერჩეული სასაუბრო კილო, რაც დამაჯერებლობის, ჩვეულებრივობის განცდას ბადებს და პატარა მკითხველისთვის ესოდენ სასურველ განწყობილებას ქმნის. ბავშვის ყურადღებას მთხრობელი უმალ იპყრობს, იგი მაშინვე შინაურ გარემოში ექცევა და იმავდროულად რაღაც უცნაურს, უჩვეულოს, გაფაციცებული მოელის:

„ეს ამბავი თაგვების ქვეყანაში მოხდა.

თაგვების ქვეყანა სადღააო, იკითხავთ.

სადა და აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენს სხვენში, სასიმინდეებში, ბეღელში...

თაგვების ქვეყანა ბევრად არ განსხვავდება ჩვენი ქვეყნისაგან. თაგვებსაც აქვთ თავიანთი ქალაქები და სოფლები, დიდი და პატარ-პატარა მდინარეები, მოწანწკარე წყაროები, გაუვალი ტყეები თუ მზით გადაბუგული ხრიოკი მინდვრები. მათაც უყვართ და პატარძლობენ, თაგვებიც ანგრევენ და აშენებენ, ერთგულებაც შეუძლიათ და მტრობაც იციან, ისინიც იბადებიან და მრავლდებიან. პატარა წრუწუნები კი ისეთივე ანცები და გაუგონარები არიან, როგორც ზოგიერთი თქვენგანი.

ზადო და ბადო, ორი პატარა ძმა, რომელთა ამბავსაც ახლა გიამბობთ, ბედმა ათას ფათერაკსა და ხიფათს გადაჰყარა...”

ზღაპრის შესავალში, როგორც ვნახეთ, ბევრი რამაა ჩამოთვლილი, მათ შორის, დაბადება და გამრავლება, მაგრამ სიკვდილზე კრინტიც არ არის დაძრული. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ერთი ამერიკელი პოეტის ლექსი ამგვარად იწყება: „ბავშვობა ის სამეფოა, სადაც არავინ კვდება”. ზადოს და ბადოს ზღაპარი თავისებურად ეხმიანება ამ ლექსის დედააზრს.

აქვე შევიტყობთ, რომ ჩვენი ნაცნობი ტყუპები ვიღაცას მეწისქვილე აბიბოს კარზე მიუყრია. კეთილ მეწისქვილეს (ცხადია, ისიც თაგვია, ოღონდ ჭარმაგი) უპატრონოდ დარჩენილი უსუსური თაგუნები შვილებივით მიუღია.

„სოფელში ხმა გავარდა, აბიბო მეწისქვილეს კარზე, ვიღაცამ, ორი წრუწუნა მიუყარაო. წისქვილის კარებში დაძეწკვილი ჭორი, ცალი ყბით აბიბოს უთვალთვალებდა, ცალითაც მთელი სოფლის გასაგონად გაჰყვიროდა:

– კი, კი, წრუწუნები ძმები იქნებიანო...

– აბიბოს ობლები საკუთარი შვილივით მიუღიაო...” იმათ კიდევ წისქვილზე უკეთესი ადგილი რაღა უნდა ენატრათ?! ნიადაგ მოფუსფუსე, მზრუნველი მეწისქვილე

„ბადოს და ზადოს ყოველ დილით თხის რძეში მოთუხთუხებულ ყვითელი სიმინდის ფაფას აჭმევდა, შუადღისას – თხილ-კაკლის გულს, საღამოს კი ჩირ-ჩურჩხელას...”

ჭამა-სმას უკვალოდ არ ჩაუვლია, წრუწუნები მოსუქდნენ, თვალიც აახილეს, მიიხედ-მოიხედეს და რახან პირის გემო გაგებული ჰქონდათ, მსუნაგებმა სოფლის ვექილის ხორბლით გაძეძგილ ტომრებს ძირი გამოუღრუტნეს („გამოუძგნარეს”ბ.მ). მეწისქვილე მოუბოდიშებს ხორბლის პატრონს, მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც პირდება, მაგრამ გაცეცხლებული ვექილი გაგულისებული ტოვებს იქაურობას.

პატიოსანი და სამართლიანი მეწისქვილე მავთულის გალიაში შეყრის დამნაშავე თაგუნებს, კარზე ბოქლომს დაადებს, მაგრამ გული არ მოუთმენს და დილით, ვიდრე გაიღვიძებდნენ, ჯამით ფაფას დაუდგამს.

სასაცილოა ბადოს გადაწყვეტილება, გალიიდან თავდასახსნელად რომ მოიფიქრებს და ძმას გაანდობს: „...მოდი, მთელი ხმით ავწრიპინდეთ!..”

ბადო ვერ არის გუნებაზე, ამ ხერხს უაზრობად თვლის, რადგან იცის, წისქვილის გამაყრუებელ გრიალში მათ წრიპინს ვერავინ გაიგონებს.

მერე ძმები ფაფას მოკრავენ თვალს, შეჯიბრს გამართავენ, რომელი მოასწრებს; ძიძგილაობაში ჯამი აყირავდება და ფაფა დაიღვრება. ამას კი ვეღარ ითმენს მეწისქვილე, გალიას გარეთ გაიტანს და ტყუპებს მდინარეში გადაუძახებს. „...აბიბომ გალიას ხელი დაავლო, კარში გავარდა და გალია მდინარეში მოისროლა...” ბედმა არ გაწირა ონავარი წრუწუნები. წყალნაყლაპები, მუცელგაბერილები, ისინი კვლავ კეთილი ცოლ-ქმარის, ბაჭადოსა და ცუცუნას ჭერქვეშ აღმოჩნდებიან. ახალი მასპინძლები მისავათებული ძმების გადასარჩენად ექიმბაშ კუკუჩიას მოიყვანენ და მის რჩევა-დარიგებას უსმენენ. საგულისხმოა, რომ თავდაღმა დაკიდებისა და მუცლიდან ნაგუბარი წყლის დაღვრის შემდეგ კუკუჩია იბარებს – ისინი ზანდაროზით გვარიანად დაზილონ. აქ ზღაპრის ავტორი ბავშვებს სულხან-საბას „სიტყვის კონასთან” აგზავნის, სადაც ზანდაროზი განმარტებულია, როგორც ფრინველის კურტუმის ზეთი. საერთოდ, სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ ბონდო მაცაბერიძის ზღაპრები ლექსიკურად უაღრესად მდიდარია და ნორჩ მკითხველს სიტყვის გემოს აჩვევს, თვალსაწიერს უფართოებს. ამაზე მერეც მომიწევს თქმა.

გადარჩენილი, გამოჯანსაღებული ძმები თანატოლ თაგუნებთან კაკლობანას თამაშს გააჩაღებენ, მაგრამ ერთი ჭინჭყლი წრუწუნა, თაბი, ბადოს უმიზეზოდ წაეკინკლავება. ატყდება ჩხუბი და ძმები იმავე საღამოს გაიპარებიან, მასპინძელ ოჯახს საგონებელში აგდებენ.

მალე წრუწუნები ბორანზე აღმოჩნდებიან. ზადო სიცივისგან ძაგძაგებს. ბადო უფრო მარჯვეა. იგი ავადმყოფ, სიცხიან ძმას ტყიდან თხილის ფოთლებს მოუტანს, დააფარებს, რომ არ გაიყინოს:

„– აჰა, ნახე რამდენი თხილის ფოთლები მოგიტანე, – ბადო თვალისწამში დაბრუნდა ბორანზე, – ახლავე ზემოდან დაგაფარებ, მალე გათბები და კარგად იქნები, აი, ასე...

– მოდი, ახლა თხილიც ჭამე, იცი, რა გემრიელია?! აჰა, აიღე, კიდევ აიღე, სულ აიღე, ყველა შენი იყოს, მე არც ერთი ცალი არ მინდა, იცი ტყეში რამდენი თხილია? ჰოდა, მალე კარგად გახდები და ტყეშიც ერთად წავიდეთ, კარგი?..” ბორანი ნაპირს მოადგება. აქ მათ ახალი თავგადასავლები ელოდებათ.

ყველაზე საკვირველი ის არის, მოხეტიალე ძმები (აქ უფრო ბადომ იყოჩაღა), როგორც ჯადოსნურ ზღაპრებში ხდება, მიადგებიან მუხის ფუღუროში შემავალ სოროს, სადაც კოხტად მორთული ბუხრიანი ბინაა მოწყობილი. ეს მყუდრო სამყოფელი თურმე კატისაა, რაც თაგუნებმა ჯერ არ იციან. გახარებულ-გაოცებულები ფიჩხს შეაგროვებენ, ბუხარში ცეცხლს დააგუზგუზებენ. წანწალისგან დაღლილებს, შიმშილისგან კუჭი ეწვით. ვეებერთელა კაკალს კი იპოვიან, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ, კერკეტი გამოდგება. საიდან არ უტრიალეს, რა არ იღონეს, კარშიც მოაყოლეს, ზემოდანაც დაახტნენ, მაგრამ ბზარიც ვერ გაუჩინეს. ბოლოს ნაკვერჩხლებზე დადეს. გავარვარებული კაკალი გასკდა, ნაჭუჭები ირგვლივ მიმოიფანტა და აქაც უმტყუნათ ბედმა – ხახამშრალები დარჩნენ, კაკალი ფშუტე გამოდგა. „ბევრი აკირწიკორწალეს წრუწუნებმა კაკალი თუ წინ, და თუ უკან, მარჯვნივ თუ მარცხნივ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს, კაკალი კერკეტი აღმოჩნდა...” რაღას იზამდნენ. ქანცგაწყვეტილი წრუწუნები ბუხრის პირას მიეყარნენ და მიიძინეს.

დილაადრიან ხმაური შემოესმათ და იღვიძებენ. სოროს კარს მიაწყდებიან და დაინახავენ კატას, რომელსაც თათებში რძით სავსე კონჩხა (ჯამი) უჭირავს. ისედაც ნაცრისფერ თაგუნებს შიშისგან სულ დაეკარგათ ფერი. „– ვაი, სორო კატის ყოფილა! – ერთხმად წამოიძახეს წრუწუნებმა და ერთმანეთს გახედეს, – ვეღარ გავექცევით, ზედ გასასვლელში ზის, რა ვქნათ?..” ბუხრის ყელში აძრომა ვერ გაბედეს, გაგუდვისა და ცეცხლში დაბუგვის შეეშინდათ, სხვენზე აცვივდნენ.

სოროს პატრონი ჩვეულებრივ, თაგვებზე მონადირე კატას არ გავდა. იმ ერთი კონჩხა რძისთვის რამდენი სოფელი შემოევლო და ბუხარი ანთებული რომ დაინახა, კი გაუკვირდა, მაგრამ დაღლილი იყო, კონჩხა ბუხართან დადგა, თავადაც იქვე წამოწვა და დაიძინა. რძის დანახვაზე, სხვენიდან მოთვალთვალე წრუწუნებს კბილები აუკაწკაწდათ. ბადო ფეხებში მოეჭიდა ძმას, რომელიც ცდილობს, კონჩხის სახელურს კუდი გამოსდოს და დაითრიოს, მაგრამ სხვენზე მყოფი ვეღარ დაიჭერს და ზადო პირდაპირ რძეში მოადენს ტყაპანს. ყველაფერი ეს ძალზე სასაცილოდ არის მოყოლილი. ხმაურზე კატა თვალს გაახელს, მაგრამ რძეში ამოწკუმპლული წრუწუნა მოლანდება ჰგონია და ისევ ჩასთვლემს: „...კატამ წრუწუნას გაოცებით შეხედა. თაგვს, თავისი ფეხით აქ რა მოიყვანდა, ალბათ მომეჩვენაო, გაიფიქრა და ძილი განაგრძო...” შიშნაჭამი, დაფეთებული ბადო სოროდან გარეთ გავარდება.

გაღვიძებული, გამოძინებული კატა სხვენზე თაგვის კუდს მოჰკრავს თვალს და უმალ მიხვდება, თუ რა სულიერიც შემოსულა მის საცხოვრისში. გულკეთილი, უცნაური ზნის ფისო წრუწუნას დაუყვავებს, ძირს ჩამოიყვანს და დაანაყრებს. ბადო მოუყვება, ერთ დღეს როგორ დარჩნენ უდედოდ ისა და მისი ძმა ზადო. კატაც მარტოხელა ყოფილა, ერთადერთი კნუტი დაჰკარგვია. ისინი სიამტკბილობით ცხოვრობენ სოროში, საჭმელ-სასმელი არ აკლიათ, ფათერაკებსაც გადაეყრებიან, მაგრამ მზრუნველი ფისუნია ბადოს ცივ ნიავს არ აკარებს. ერთხელაც, შუაღამით, ყინვიან ზამთარში, სოროს სამი მშიერი, კბილებდალესილი კატა მიადგება. დიასახლისი შემოსულებს თბილ ბუხართან დასვამს. გათავხედებული, დაუპატიჟებელი სტუმრები მას გაკიცხავენ, ჩვენი წეს-ჩვეულება დაგვიწყნია, თაგვი გიშვილებიაო და წრუწუნას შეხრამუნებას უპირებენ, მაგრამ ბადოს დედობილი არ ანებებს, ავაზაკებს წინ გადაეღობება, ამისი ხორცი რომელ ერთს გეყოფათო „...რას ამბობთ?! – კატამ ბადოს გახედა, – განა შემეძლო ობლისთვის სითბო არ მეწილადა? გაზაფხულზე თოვლს აიღებს და, – კატა საწოლთან მივიდა, საბანი გადასწია და სტუმრებს გახედა, – აჰა, შეხედეთ, რომელს გეკმარით ამისი ხორცი?!.” და დამშეულებს გულუხვად გაუმასპინძლდება, რაც კი აბადია, ყველაფერს სუფრაზე გამოიტანს.

მათი წასვლის მერე კატა ბადოს ეუბნება – ის უნამუსოები არ მოისვენებენ, ისევ მობრუნდებიან და ჯობს აქაურობას გავეცალოთო. გათენებამდე დაადგებიან დათოვლილ მინდორს, „თეთრ სიჩუმეს”. წუწკი კატები სუნს იკრავენ, კვალში ჩაუდგებიან გაქცეულებს, მაგრამ დედობილი ხერხს მიმართავს, ნალოლიავებ წრუწუნას მდინარეში გადააგდებს, სადაც მდევრები შესვლას ვეღარ გაბედავენ.

წინა ეპიზოდებიდან ვიცით, რომ ბადოს წყალში ყოფნის საკმაო გამოცდილება აქვს. ყინულის ნატეხზე გდებამ და საკბილოს ძებნამ იგი მეტისმეტად გააწვალა, მაგრამ არ გამტყდარა, გასაჭირს ვაჟკაცურად გაუმკლავდა. ამასობაში გაზაფხულდა და მდინარემ იგი მართლაც ზღაპრულად ლამაზ სოფელ ოფლათარში მიიყვანა. ოფლათარი ტყუილად არ ჰქვია სოფელს. იქ გამრჯე, მუყაითი თაგვები ცხოვრობენ, მინდვრად არიან გამოსულები, საგაზაფხულო ფუსფუსი აქვთ დაწყებული, ხნავენ და თესავენ, დილიდან დაღამებამდე ოფლს ღვრიან. ჩვენც შევავლოთ თვალი, რა წარმტაცად გამოიყურება იქაურობა:

„...სოფლის სამხრეთით, მშრომელ კაცს ქერის ყანა ჩაერგო. ჰოდა, თაგვებიც უკეთესს რას ინატრებდნენ! ჩრდილოეთიდან სოფელს სანახირე გზა უვლიდა. გაზაფხულზე ნაჩლიქარში ჩამდგარ წვიმის წყალს თაგვები სასმელადაც იზოგავდნენ და საჭყუმპალაოდაც.

სოფელს ზემოდან თხილნარის ტყე ერტყა. შემოდგომით თხილის ლენჯოდან გადმოვარდნილ კაკალს პირდაპირ თაგვების სოროს კარზე გაჰქონდა ჭახანი...”

სოფლის ბრძენი თავკაცები გულთბილად ეგებებიან ეულ თაგუნას და მის თანატოლთან, თათოსთან მიუჩენენ ადგილს, ყოველმხრივ მოწყობილ სოროში. ისინი მაშინვე დაახლოვდებიან, გაიგებენ ერთმანეთის ამბავს. თათოს შეაწუხებს ბადოს ბედი და გადაწყვეტს დაკარგული ძმისა და დედის საძებნელად გაჰყვეს ახალშეძენილ მეგობარს.

„ზადო და ბადო” ერთმანეთზე ბუნებრივად გადაბმული ცალკეული თავებისგან შესდგება, რაც ზღაპარს მიმზიდველად საკითხავს ხდის და ამ ჟანრისთვის საჭირო დინამიურობასაც ანიჭებს. მშვენიერია ეპიზოდები, როცა ორი მეგობარი ქალაქის ორომტრიალში მოხვდება და იქ მოხუცი დარაჯი მიასწავლის ზოოპარკს, სადაც მეორე დღეს წრუწუნების დიდი ზეიმი უნდა გაიმართოს.

ზოოპარკი, რამდენადმე, ტყის ნაწილია, იქაც შეხვდებით ნაირ-ნაირ მხეცებსა და ფრინველებს, მაგრამ ისინი გალიებში არიან გამოკეტილები, დამთვალიერებლების თვალის სასეიროდ ინახავენ საწყლებს. ბადო და თათო გაიცნობენ გალიაში მყოფ, მავთულზე ჩამოკონწიალებულ თეთრ წრუწუნას, რომელიც მათ გოგრის მარცვლებს და მზესუმზირას სთავაზობს. საკვები გალიის თაგვებს უხვად აქვთ, ზოოპარკის დარაჯი ურიგებს, მაგრამ საპყრობილეში ჩაკეტვას ბადო და თათო თავისუფლებას ამჯობინებენ, იქაურობას გაეცლებიან.

გზაში წვიმა წამოეწევათ. ბადო მოულოდნელად უცნაურ ხაფანგში ამოყოფს თავს. წვიმამ რომ არ შეაწუხოს, კონსერვის ცარიელ ქილაში ჩაძვრება, იქიდან ვეღარ ამოდის და იწყება მისი ახალი ფათერაკები. თათო ყოველნაირად ცდილობს მის ამოყვანას. ამ დროს საშინლად დასცხებს წვიმა და მოვარდნილი ნიაღვარი, ბადოსთან ერთად მდინარეში ჩაიტანს კონსერვის ქილას, რომელიც წისქვილის ღარში მოხვდება. ბედი არც ახლა გაწირავს ბადოს. ის წისქვილი მისი ძველი ნაცნობის, აბიბოსია. კონსერვის ქილა მეთევზეების ბადეს ამოჰყვება; ისინი ცოცხალ-მკვდარ წრუწუნას ხელადვე მიიყვანენ წისქვილში, სადაც იგი მოსულიერდება. თათო შეიტყობს მეგობრის გადარჩენას და გახარებულია.

ყოველივე კეთილად მთავრდება, როგორც ზღაპართა უმეტესობაში ხდება. ბადო ძმასაც და დედასაც პოულობს. დედამისი თურმე ავადმოსაგონარ დღეს ხორბლის საშოვნელად წასულიყო და ბეღლის კართან, სარეგველაში მოხვედრილს, გონება დაუკარგავს. ორი დღის მერე, როცა ფეხზე დადგა, შვილების ძებნა დაუწყია და ვეღარსად უნახავს:

„ვიფიქრე, ზამთარი კარზეა მომდგარი-თქო, დილით ადრიანად გავედი საშოვარზე, მთელი დღე ვიწანწალე სოფელ-სოფელ. საღამო ხანს შუქურაანთ ხორბლის ბეღელს მივადექი. იქვე ბუჩქებში ჩავჯექი და კარგა ხანს ვუთვალყურე. ვხედავ, სულიერი არ ჭაჭანებს, ვთქვი, აბა, შენ იცი და შენმა ქალობამ-თქო, და ჯალდანი მოვიმარჯვე. ვზიდე და ვზიდე რაც შემეძლო ხორბლის მარცვლები – მეორე დილით, მზის ამოსვლამდე მივადექი ბეღელს, ზედმეტი ვის მოსჭარბებია?! მერე კი... ნუ მკითხავთ, იმ წყეულ შუქურაანთებს ზედ ბეღლის კარზე დაედგათ სარეგველა. ვერ შევნიშნე, ორი დღე და ღამე უგონოდ ვეგდე აბიბოს წისქვილთან, როცა გონს მოვედი, ვეღარსად გიპოვეთ, სად არ გეძებეთ...” ახლა, რაკი ისევ ერთად შეიყარნენ, მათი სიხარული ცას სწვდება.

დათქვამენ, გადარჩენის აღსანიშნავად დიდი პურობა გამართონ. თვისტომები უმალ მხარში ამოუდგებიან და ვისაც რა მოეპოვება, სოროებიდან ეზიდებიან. ზადო და ბადო არ ივიწყებენ თავიანთ მოამაგეებს, წაბლის ფოთლებს მოსაწვევ ბარათებად იყენებენ და ყველას ზეიმზე ეპატიჟებიან. ცხადია, მოწვეულებს შორის არიან ბაჭადო და ცუცუნა, კეთილი კატა, რომლის სოროშიც შემცივნებულმა და მოშიებულმა წრუწუნებმა თავშესაფარი იპოვეს. მწერალს არც თავისი სხვა ზღაპრების პერსონაჟები ავიწყდება, ბრმა დევი იქნება თუ კურდღლები, დათვები თუ მელიები.

საზეიმო განწყობილების, მონათხრობის საერთო სულისკვეთების შესაგრძნობად და წარმოსადგენად, ურიგო არ იქნებოდა, ერთი მცირე აბზაცი რომ ამოვიწეროთ:

„სოფლის თაგვებმა დიდი სამზადისი გამართეს: მოჰქონდათ ფეტვისა თუ ბრინჯის მარცვლები, თხილი, წაბლი, ასკილი, შინდი, უნაბი, მოკლედ, ყველაფერი, რაც ეზოგ-ემეტებოდათ...”

ბონდო მაცაბერიძის ზღაპარი გაფორმებულიც ჩინებულად არის. მხატვარს, კოტე მაცაბერიძეს ოსტატობა და ფანტაზია არ დაუშურებია, რათა ავტორის ჩანაფიქრი, რაც შეიძლებოდა, სრულყოფილად წარმოესახა. დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს სამ გაშლილ გვერდზე განთავსებული პანორამული, კომპოზიციურად უზადოდ შეკრული სურათი, რომლის შუაში შეკრებილ ფრინველ-ცხოველთა ნადიმისათვის განკუთვნილი, მართლაც რომ საზღაპრო სუფრაა გადაჭიმული.

დასასრულ, ბონდო მაცაბერიძე (ეს მისი ნაცადი, მახვილგონივრული და ბევრი რამით გამართლებული ხერხია) პატარა მკითხველებს სთავაზობს – ამის მერე თავად გააგრძელონ ზადოს და ბადოს თავგადასავალი, გონება გაავარჯიშონ, თავიანთი ვარიანტები გამოუგზავნონ მწერალს. ზღაპრის სუფთა, ჯადოსნურ სამყაროში მიპატიჟება სიკეთის დამკვიდრებას, მოზარდი თაობის სულის გაფაქიზებას, წიგნისკენ შემობრუნებას ისახავს მიზნად, რაც ესოდენ აუცილებელია ჩვენს სინამდვილეში, როცა სკოლის ასაკის ბავშვთა შორის შემზარავმა, გაუგონარმა დანაშაულებებმა იმატა.

აქვე იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ წინამდებარე ზღაპარი უხვ მასალას იძლევა, რათა მრავალსერიანი, ძალზე სახალისო, სასარგებლო და სიამოვნებით საყურებელი მულტფილმი იქნეს გადაღებული.

* * *

ზღაპარი თუ არაკი იშვიათად იქმნება ცხოველთა მონაწილეობის გარეშე, ხოლო იმათში ყველაზე მოხერხებული და მაკვარანცხი, ვინ არ იცის, მელაა. სწორედ ასეთად გამოიყურება იგი ბონდო მაცაბერიძის „მოხუცი ცოლ-ქმარისა და მელაკუდას ზღაპარში”. პირველად აქ ვხვდებით ღვთის ანაბარა მიტოვებული ქართული სოფლის ფეხმოუცვლელ მკვიდრებს, ხანში შესულ ცოლ-ქმარს, რომელთა ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა ყველასათვის სამაგალითო უნდა იყოს. ამ ცოლ-ქმარის ხსენება ავტორს სხვა ზღაპრებშიც ბევრჯერ უწევს და, ამდენად, საჭიროა, თავიდანვე შევავლოთ თვალი მათ ყოფას, გაუთავებელ ფუსფუსს, გარჯას, რაც ასე უხდება და ამშვენებს, სამოთხესავით ალამაზებს მიწას. მწერლის თხრობა დინჯია, ზომიერად დასურათხატებული და, ბავშვებთან ერთად, ჩვენც ვხედავთ მამაპაპურ კერაზე, მშობლიურ კარ-მიდამოზე გადამკვდარი ადამიანების ყოველ მოძრაობას:

„ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარი სახლობდა. მოხუცებს სახლი ზედ ტყის პირას ედგათ. იქვე, ახლოს, პატარა სიმინდის ყანაც ჰქონდათ.

მოხუცები მთელ დღეებს შრომაში ატარებდნენ. ადრიან გაზაფხულზე რომ შევიდოდნენ ყანაში, გვიან შემოდგომამდე მუხლის მოხრა რა იყო, არ იცოდნენ.

ხვნა-თესვის დადგომა იყო და, მოხუცებს პირველი კვალის გატარებას ვერავინ დაასწრებდა. მერე, მარგვლა-მოროდიო, აგერ, ჩალის აჭრა-აკონვაო, ბოლოს, მოსავლის მოვლა-დაბინავებაო...

მოგეხსენებათ, მიწამ ჯეროვნად იცის მშრომელი კაცის ოფლისა და ხარ-გუთნეულის ფასი. აქაც, – იმდენ მოსავალს იმეტებდა მათთვის, რომ მოხუცები მთელი ზამთრის განმავლობაში მშვიდად ისხდენ ბუხართან და კოპიტისა თუ წიფლის ნაკვერჩხლებზე მთვარის გადაწურვამდე ტკბილად იფიცხებდნენ ნაჯაფარ ძვლებს. ესე გაჰყავდათ თავიანთი წუთისოფელი. დრო გადიოდა, დღეს ღამე მოსდევდა. დარს – ავდარი. გაზაფხულს – ზაფხული. შემოდგომას – ზამთარი...”

ადვილი წარმოსადგენია, რა გუნებაზე დადგებოდა საცოდავი ცოლ-ქმარი, როცა შემოდგომის დილით, დატაროვებულ, მოსატეხად მოწეულ სიმინდის ყანაში დაინახავდნენ ბანჯგვლიან, სამთავიან დევს, რომელიც მათ ნაოფლარს მისდგომოდა და თქვლეფდა, იქაურობას აჯირგალებდა. „...ბართქა-ბურთქალი გაჰქონდა დევს სიმინდებში. ამტვრევდა ტაროებს და სულ ერთიანად იყრიდა პირში...” რა არ იღონეს საწყლებმა – ხან ნაჯახი და წალდი მოუღერეს, ხან კომბალი და კეტი, მაგრამ ხარბ მოძალადეს ფეხი ვერ მოაცვლევინეს.

რაგინდ გასაკვირი არ უნდა იყოს, უმწეო მოხუცებს მხსნელად მელაკუდა მოევლინა. მოისმინა მათი გასაჭირი. გასამრჯელო გვარიანი მოითხოვა, მაგრამ ცოლ-ქმარს აღუთქვა, დევს ყანას მოვაცილებო.

მელამ მოხუცებს ხორაგი, ღვინით სავსე ჩაფი და ცარიელი გოდორი მოამზადებინა და მუცელამოუყორავ დევს ყანაში ჩააკითხა („მიასტუმრა” ბ.მ.). მალევე გაუშინაურდა, ხელად სუფრა გაუშალა და კიდევაც დაარწმუნა, შარშან დღეობაზე მყავდი მოწვეული და ღვინოს ჩაფებით ყლურწავდიო. დევმა ეს შემთხვევა ვერ გაიხსენა და გულმავიწყობა ორ მძინარ თავს გადააბრალა. ის თავები იმხანად ხვრინავდნენ:

„– უყურე ახლა ამათ?! ისევ სძინავთ, კაცოო! – წამოიძახა დევმა და მძინარ თავებს აქეთ-იქედან ტორები შემოსცხო, გაიღვიძეთო. არც იფიქროთ, დევის ორ მძინარ თავს ისეთი ძილქუში დასცემოდათ, აქლემების ქარავანს რომ გაევლო მათ ყურზე, ვერ გაიგებდნენ...” და მელაც მყისვე დაეთანხმა, ჰო, სწორედ ესენი იყვნენო. მერე სადღეგრძელოები დააძალა იმ მესამე თავს, უგონოდ დაათრო, „ეგემრიელა, იმდენი სვა, იმდენი, ვინემ ღვინით სავსე ჩაფი ბოლო წვეთამდე არ ჩააფსკერა...” გამობრუჟული სამთავიანი დევი გოდორში მოხერხებულად ჩატენა, ზურგზე მოიგდო და ყანიდან გასწია (ზღაპარში ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს), გოდორი მაღალი კლდის ქიმზე შემოდგა და, დაღლილმა, თვითონაც იქვე მიიძინა. ღვინოგამონელებული, გოდორში გამოღვიძებული დევი, რაღა თქმა უნდა, ერთს შეჯანჯღარდებოდა, იქეთ-აქეთ რწევას დაიწყებდა და კარგი რომ არაფერი დაემართებოდა, ისედაც ცხადია. ზღაპრის ბოლოს ფრიად გასახარელ ამბავს ვიგებთ. იმ დღის მერე ყანაში არც დევი გამოჩენილა და აღარც მელაკუდა: „...იმ ღამით, როცა მელაკუდას დევიან გოდორზე თავმიდებულს მშვიდი ძილით ეძინა, ამბობენ; ძაღლი, კატას დაუმეგობრდაო, მიმინო – ბეღურა ჩიტს, მგელი – ცხვარს, ტურა კიდევ – თხასო, ხოლო ღორს, ჯაგარი რწყილისთვის რკოს გარეშე მიუციაო, მააშ!..” მოხუცები ძველებურად შრომობდნენ, სარჩო-საბადებელი კვლავ სამყოფად აქვთ და ზამთარში, დანთებულ ბუხართან მიმსხდარები, ცხოველებსა და ფრინველებზე ათას თავშესაქცევ რამეს თხზავენ. მწერალი მათი პირით გვიყვება ნაირნაირ ზღაპრებს.

სანდომიანი, მუყაითი მოხუცი ცოლ-ქმარის სახე ბონდო მაცაბერიძის წიგნებს თითქმის თავიდან ბოლომდე რომ გასდევს, ღრმა აზრს იძენს და ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს. ჩვენდა სამწუხაროდ, წავიდა ის დრო, როცა ქართველი კაცი მზეს ასწრებდა ადგომას, ყანაში რომ წასულიყო და ოფლი ეღვარა. მცონარეობამ, ლოთობამ, ნარკომანიამ დაგვრია ხელი, გაპარტახდა, დაიცალა ქართული სოფლები და აღარ უნდა გვიკვირდეს, თუ ჩვენს მადლიან, წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას გადამთიელი, უცხოთესლი ეპატრონება. სულ უფრო ტრაგიკულ ჟღერადობას იძენს გალაკტიონ ტაბიძის ნაღვლიანი, განგაშის ზარად შემოკრული სტრიქონი: „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული!”

მოხუცი ცოლ-ქმარის ნაამბობიდან, სიღრმითაც და ფანტაზიის სიმდიდრითაც უთუოდ გამოირჩევა „სპილენძის თუნგის ზღაპარი”. მისი დედააზრი ასეთია: სიძველის გამო, ნამსახური ნივთი ან საქონელი არ უნდა მოიძულო, ამაგის დაფასება იცოდე და, გარდა ამისა, ყველგან და ყოველთვის სიკეთე უნდა სთესო, გაჭირვებაში მყოფს ხელი შეაშველო.

მწერალმა ამ ზღაპარს სულ სხვა, ძალზე თავისებური, პოეტური გაგრძელება მოუძებნა – გაზაფხულის ერთ ნათელ დღეს სარდაფში მზის სხივმა შეიჭვრიტა და ძველ თუნგს ეზოში მოთამაშე ბავშვების ჟრიამულიც მისწვდა. Gგაახსენდა ძველი დრო, როცა მობურთალი, ყელგამშრალი ყმაწვილებისთვის ბევრჯერ მოუკლავს წყურვილი. გულმა აღარ მოუთმინა და გარეთ გავარდა, სამუდამოდ მიატოვა მტვრიანი სარდაფი. თანაგრძნობის ღირსი და კეთილშობილურია ფეხადგმული თუნგის ფიქრი: „სანამ ჟანგისგან ძირი სულ არ გამლევია, წავალ, ქვეყანას მოვივლი, ცოტაოდენ წყალს თვალსაც დავალევინებ და მწყურვალსაცაო!” – თქვა და წყაროსაკენ გასწია.

აქედან იწყება თუნგის უცნაური თავგადასავალი. გახურებულ ქვაღორღში ჩამძვრალ, სითბოს მოყვარულ ხვლიკს სულაც არ სიამოვნებს , როცა მის სამყოფელში წყალი ჩაიღვრება და თუნგს კიდევაც საყვედურობს სახლ-კარი რატომ დამიტბორეო. სამაგიეროდ, ოთხ გოჭთან ერთად მშრალ ორმოში ჩაწოლილმა, დასიცხულმა დედა ღორმა მოითქვა სული, როცა მის თხოვნაზე თუნგმა ორმო წყლით ამოავსო. ეს სურათი ცოცხლად, ხალასი იუმორით არის დახატული:

„...გაიხარეს გოჭებმა, ო, რა გაიხარეს! ხტოდნენ, ჭყვიტინებდნენ, ჭყუმპალაობდნენ, თან კუდებს კვისკვისით აქიცინებდნენ (კუდების ქიცინი მათ ენაზე მადლობას უნდა ნიშნავდეს)...”

თუნგი გზას აგრძელებს. ეხლა სულ სხვა გასაჭირს გადაეყრება. წყლის გუბეში ჭიანჭველას შინ, ობოლ შვილებთან წასაღები თხილის კაკალი ჩავარდნოდა, მისი წონისათვის შეუდარებლად მძიმე, ვეება თხილს ჩასჭიდებოდა, მაგრამ ვეღარ ძრავდა, წყალი უშლიდა. „...ხედავს წყალნაგუბარში ჭიანჭველა ვეებერთელა (მისთვის ვეებერთელა!) თხილის კაკალს ჩასჭიდებია და გუბეში უძრავად დგას...” რაღა ექნა თუნგს, თავისი წყალი იქვე, ხევში ჩაცალა, გუბის წყალი ამოხაპა, ის ჩაისხა მუცელში და შვილებისათვის თავდადებულ ჭიანჭველას უშველა.

„თუნგი ხევს მიადგა, ყელი ხევში გადაჰყო და რაც მუცელში წყალი ედგა, სულ თქრიალით გადაუშვა ხევში. მერე სწრაფად უკან გამობრუნდა და გუბიდან წყალი ერთიანად ამოხვრიპა.

– ვაა! ეს რა ჰქენიო, როგორ მოიფიქრეო, გმადლობთ, გმადლობთ! – იძახდა ჭიანჭველა და თხილის კაკალს სიხარულით შინ მიარბენინებდა...”

ცოტაზე რომ გაიარა, ყიჟინა შემოესმა – თურმე გუბის წყალს ბაყაყი ამოჰყოლოდა და ახლა თუნგის მუცელში ხვანცალებდა, თან სიკეთის მთესველ ჭიანჭველას მედიდურად საყვედურობდა – რად ამოხაპე მთელი გუბე, ის წყალი ჩემი იყო და სანამ არ მომბეზრდებოდა, ვიყიყინებდიო. Aმის მერე კიდევ უფრო სასაცილო რამ ხდება; თუნგი შინიდან გამოპარულ, მოწყურებულ იხვის ჭუკებს გადაეყრება, იმათაც ასმევს წყალს, ბოლოს ზურგზე შეისხამს, რათა თავნება ჭუკები დედა იხვს მიჰგვაროს. ჭუკებს რას გამოეპარებოდათ, თუნგის მუცელში თვალებდაკუსული ბაყაყი რომ დაცურავდა და როგორც ავტორი ამბობს – „...აბა რას წარმოიდგენდნენ იხვის ჭუკები, თუნგს მუცელი წყლით თუ ექნებოდა სავსე! ხოლო, თუ რა დღეს დააწევდნენ იხვის ჭუკები იქ მყოფ ბაყაყს, თავად წარმოიდგინეთ...”

ჭუკებს როცა საიმედოდ დააბინავებს, მათგან გამობრუნებული თუნგი ტყიდან გამომხტარ ერთ კურდღელს დაარწყულებს, მერე გაიმინდვრებს, ერთ ხესთან ბინდი წამოეწევა და იქვე დაიღამებს, რომ დილით ისევ გრძელ გზას დაადგეს და ყველა შემხვედრს, ვინც მოწყურებული იქნება, წყალი უწილადოს, კვლავ სამადლო საქმე აკეთოს.

„...იცით, მერე რა უთქვამს წყალს?

რაო, და,

წავალო, დავყვები გვირილიანს, ენძელიანშიც ჩავივლიო, ყვავილებს დავარწყულებ და, დილით მინდვრის ბოლოს შევხვდეთო.

ჰოდა, ამდგარა და მინდვრებს რაკრაკით დაჰყოლია...”

ყველა საინტერესო ზღაპარს ცალ-ცალკე რომ შევეხო და თვითოეულის შინაარსი მოვყვე, სათქმელი ძალზე გაჭიანურდება და, ამასთანავე, პატარა მკითხველებსაც მათ წილ სიამოვნებას წავართმევ, მითუმეტეს თავად ზღაპრების ავტორი მუდამ იმას ლამობს, ბავშვები დამოუკიდებლად ფიქრს მიაჩვიოს, წარმოსახვის უნარი გაუცხოველოს. მან ისიც კარგად იცის – მშვენიერებასა და სიკეთეს ერთი წყარო, ერთი თავანკარა სათავე აქვს და გულით სურს, მოზარდები ამ ძველისძველ, უბერებელ სიბრძნეს აზიაროს. გზადაგზა შევეცდები ამის ნათელმყოფელი მაგალითები მოვიხმო.

ბონდო მაცაბერიძის თხრობის მანერა სადა და მიმზიდველია. მისი ფიქრი მეტწილად მშობლიურ კუთხეს, რაჭას დასტრიალებს და იქაური, მოსახლეობისგან დაცლილი სოფლების პირველყოფილ, განუმეორებელ სილამაზეს გვიხატავს. ერთ ასეთ სოფელში ნაყოფიერების უძველეს სიმბოლოს, მუხის ძირას, სამი დობილი სოკო ამოსულიყო და ზღაპრიდან ვიგებთ, რომ სოფლისათვის სამსოკოთა სწორედ მათ დაურქმევიათ. ზღაპარი „სოფელი სამსოკოთა” მათი მთავარი საწუხარი ის არის, არავინ გვსტუმრობსო. ბებერ მუხას კოპწია სოკოები მეტიჩრებად ეჩვენება, რის გამოც ერთხელ რკოებს დააყრის, მოიმდურებს.

„– აბა ახლა მიყურეთაო, – თქვა და დაუშინა და დაუშინა რკოები სოკოებს ზემოდან.

მაშინ კი ეტკინათ სოკო-დობილებს. ეტკინათ და მორთეს ტირილი. იმდენი იტირეს, იმდენი, ლამის გულები ამოიგდეს...” მერე მუხა კი შეწუხდება, დობილებს ფოთლებს გადააფარებს, მაგრამ ატირებული სოკოები მიწაში ცრემლებად ჩაიწურებიან, გაუჩინარდებიან, რათა მერე ისევ მოევლინონ ქვეყნიერებას. ეს ბუნების მარადი განახლების წესია. მალე მუხას მოჭრიან და მისი რკოებიც მიწაში ეფლობა, რომ სოკოების მსგავსად, ახალ სიცოცხლედ აღმოცენდნენ. ხანგრძლივი, თოვლიანი ზამთრის შემდეგ სამსოკოთა თავად მეზღაპრეს მოუნახულებია და საოცრება უნახავს:

„...თვალს არ დავუჯერე; ასობით პატარ-პატარა ნერგს ამოეყლორტა ბებერ ნამუხარზე...”

ჯერი ახლა სოკოებზეა და ბოლოს ავტორი სწორედ მათ მოსალოდნელ გამოჩენას შეახსენებს პატარა მკითხველებს და იმ ზღაპრულ, სამოთხისდარ ადგილებში ეპატიჟება:

„...ბავშვებო, სოკო რაჭაში ივნისის თვეში ამოდის. თქვენც ხომ მაშინ გეწყებათ საზაფხულო არდადეგები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში? ჰოდა, ჩვენც სწორედ მაშინ ვეწვიოთ სოფელ სამსოკოთას.

აი, მერე კი ვნახოთ, როგორღა იტყვიან სოკო დობილები, არავინ გვსტუმრობსო...”

სოფლად დარჩენილი გამრჯე მოხუცი ცოლ-ქმარის მონაყოლთაგან, ასევე, ერთ-ერთი უმშვენიერესია „წვიმის ზღაპარი”. ბევრჯერ აღუნიშნავთ ჩვენი მთიანეთი და, მათ შორის, რაჭა შემაშფოთებლად რომ არის გამეჩხერებული, მოხუცებულების ამარაა მიტოვებული და ბონდო მაცაბერიძე საჭიროებისამებრ იყენებს ამ გარემოებას – მის მიერ შეგულებული ხნიერი ცოლ-ქმარი, ერთგვარად, ცხოვრების სიბრძნით დატვირთული სიმბოლოს მნიშვნელობასაც იძენს. თავმომაბეზრებელი, გადაბმული წვიმების დროს ჰყვებიან ისინი ამ ზღაპარს.

მუყაითი, ხელმარჯვე ჭიანჭველა ჭოჭრომელი მუხლჩაუხრელად შრომობდა, მოსავალიც ბარაქიანი მოიწია, მაგრამ ზედმეტმა სილაღემ და გულკეთილობამ ცუდ დღეში ჩააგდო. გამვლელ-გამომვლელს სარჩოს უნაწილებდა, ყველას შინ ეპატიჟებოდა:

„ჭოჭრომელი ყველასათვის ხელგამწვდენი და კეთილმოწყალე იყო. ცისიერზე ჩადგებოდა ბეღლის ღია კარში და ყველას თავისთან უხმობდა: წაიღეთ, დაპურდით, დაპურდით, დაამაძღრეთ ჩვილ-ობლებიო...” და ბოლოს ერთიანად გაღატაკდა. ყველამ დაივიწყა ოფლით მოპოვებული ჭირნახულის უხვად გამცემი. მისი ეზოსაკენ აღარავის გამოუხედავს:

„აჰა, უმაქნისსა და ხელთუპყართ სხვა რაღა უნდოდათ? მთელ დღეებს ჭოჭრომელის ბეღლის კარზე ტრიალებდნენ ცარიელი ტომრით ხელში...

აგე,

უფსკერო და უძირო რომ არაფერია ამ ქვეყნად?!

აკი, ჭოჭრომელის ბეღელიც ისე სწრაფად ჩაილია და გამომარცვლდა, როგორ სწრაფადაც აპირთავდა და გაიტისნა ბეღლის კართან მდგარი ტომრები...”

ჩიტებმაც მიატოვეს მარცვლეულისგან გამოცარიელებული ჭოჭრომელის ბეღელი. ლამაზი, პოეტური და ღრმა აზრის მქონეა ანდაზა, ამრეზილი, განაწყენებული ფრთოსნები, ეზოდან გაფრენისას, ჭოჭრომელის სასაყვედუროდ რომ ამბობენ: „...სამ-ოთხ წვეთ წყალს ძაბრის ყელიც კი იზოგავს სამერმისოდო...”

ამ დროს სიცივეებმაც მოატანეს, ამინდი ავად შეიცვალა. გატკბა ტკბილი კერია და ვისაც არაფერი ებადა, რითი გაიტანდა თავს. წელიწადის დროთა ცვლა, ზამთრის დადგომა ზღაპარში ძალზე სახიერად, ხატოვნად და მოქნილად არის აღწერილი:

„...მთის მწერვალებიდან შემოდგომის ქარებს დამაყრებული ზამთარი ისე ურცხვად და გაფოთებით მოიწევდა ბარისკენ, ვითომცდა ქერ-ხორბლით სავსე ჯალდანის ჩამოდგმას ეჩქარვის ეზო-ეზოო...”

გასაცოდავებულ, საშიმშილოდ განწირულ ჭიჭრომელს სხვა რაღა დარჩენოდა – გამთენიის ხანს, როდესაც სოფელი ძილ-ბურანში იყო, სახლის კარი გამოკეტა და ბედის საძებნელად გზას გაუდგა. განგებამ დასაღუპად არ გაიმეტა საბრალო ჭიანჭველა, ყველას როდი დავიწყნოდა მისი სიკეთე.

ბევრი იარა თუ ცოტა, ჭოჭრომელი ერთ გამოფუტუროებულ („გამოფუღრულ” ბ.მ.)ხეს მიადგა, სადაც თურმე მასავით კეთილ ფუტკარს, ფიფის, ჰქონდა ბუდე. ფიფი თვითონ გამოეცნაურა ჭიჭრომელს, ვისი ეზოს ყვავილთა ნექტარიც ბევრჯერ ჰქონდა ნაგემები და ახლა, მოშიებულს, დაღლილს, საკადრისად გაუმასპინძლდა. თან უთხრა, რომ სკამ ზამთრის დადგომისთანავე დაიძინა; ქილით თაფლი დაუდგა, ფიჭაც და ცოტაოდენი მარცვლეულიც გამოუტანა, თანაც დაარიგა:

„წელს ზამთარი დიდთოვლობას ჰპირობს, გარეთ გასვლას დაუფრთხილდი. მზერა დილიდანვე კარში გადგი. ვინიცობაა მშიერს, სულაც – შეციებულს მოჰკრა თვალი, – შინ მოუხმე, უმასპინძლე, დასვი პურად. გვიან დროით ნუ გაუშვებ, გახსოვდეს; ყველა გზა მზით დაიწყე და მზითვე დაასრულე...”

ფიფის, როგორც გვახსოვს, მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ სკამ ზამთრის დადგომისთანავე დაიძინა. მასპინძელს კიდევ სურდა სტუმარ ჭიანჭველასთან საუბარი, მაგრამ უეცრად თვლემა მოერია და მანაც ზამთრის ძილს მისცა თავი.

ჭიჭრომელს უქმად რა გააჩერებდა და იმ ხის გარშემო საბაღე ადგილი შემოღობა, ბარვას შეუდგა და რაც ახლო-მახლო მინდვრებში ყვავილები ეგულებოდა, ფუტკრების გასახარებლად, სულ აქ გადმორგო. შეუძლებელია, ბავშვი არ გაახალისოს ნაირფერ სურათებად გადაშლილმა პოეტურმა, ალერსიანმა თხრობამ:

„...ოფლს, ოფლი ემატებოდა, დღეს დღე, ყვავილს ყვავილი: იას – ენძელა, ენძელას – ზამბახი, ზამბახს – გვირილა, ფურისულა, ყოჩივარდა, შროშანი (მოდით ნუღარ ჩამოვთვლით, თორემ ერთი მათგანიც რომ გამოგვრჩეს, ხომ იცით ყვავილებმა როგორი გაბუტვა იციან). ჭოჭრომელის ბედად, ისე გავიდა ზამთარი, ცას მიწისკენ თოვლის ფანტელიც არ დასცდენია. ხოლო მიწა – გულის იმედნეულ სითბოს აგებებდა ყვავილის თითოეულ ძირს...”

ასე გაიარა ზამთარმა. ყვავილებმა, ფუტკრების მოლოდინში, კვირტები გადახსნეს, ირგვლივ დამბანგველი სურნელება მიმოაფრქვიეს. დადგა ჟამი, როცა ფიფიმ და დანარჩენმა ფუტკრებმა უნდა გაიღვიძონ. იოლი წარმოსადგენია, როგორი გახარებულები გადაეხვეოდნენ ერთმანეთს ფიფი და ჭიჭრომელი, მაგრამ ამასობაში წვიმა გადაიღებს, გამოიდარებს, ლურჯ ცაზე ოქროსფერი მზე გამობრწყინდება და მოხუცი ცოლი და ქმარი სამუშაო იარაღს დაავლებენ ხელს, ზღაპარს აღარ ამთავრებენ, ყანისაკენ წახუსხუსდებიან.

ბონდო მაცაბერიძე ოსტატურად იყენებს ამ შემთხვევას, ტექსტში ცარიელ ადგილს ტოვებს და ბავშვებს მიმართავს, რომ ყველამ მისებურად გაიაზროს და დაწეროს ჭოჭრომელისა და ფიფის შეხვედრა ადრიან გაზაფხულზე, ნაწერი კი მას გამოუგზავნონ.

საერთოდ მიყვარს ჭკვიან მწერებზე – ჭიანჭველებზე და ფუტკრებზე დაწერილის წაკითხვა; საქართველოში შემორჩენილი ებრაული გადმოცემის კვალდაკვალ, აკაკი მათ უზომოდ ნატანჯ ბიბლიურ იობთან აკავშირებდა და ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის ლექსებში ხშირად იხსენებდა.

ამ სასიამოვნო ზღაპრის წაკითხვამ ერთი რამაც მომაგონა – გამოჩენილი გერმანელი მწერალი, უშიშარი მეომარი, ფილოსოფოსი და ენტომოლოგი, ერნსტ იუნგერი, ვინაც თითქმის ასი წელი იცოცხლა, ფიქრობდა, რომ მწერებს (უპირატესად, ჭიანჭველებსა და ფუტკრებს გულისხმობდა) თავიანთი სამყარო და საცხოვრისი, კოსმიურ სივრცეში, ბევრად უფრო სამართლიანად აქვთ მოწესრიგებული, ვიდრე ადამიანებს.

მშვენიერია „ზღაპარი პეპელა პეპლათარზე და გვირილა გვიმარისზე”. პეპელასა და ყვავილს ერთმანეთზე საყვარელი და ერთგული ვინ უნდა ჰყავდეთ და ისინიც ბოლომდე ერთგულობენ ერთმანეთს. მათი გათიშვა და სიამტკბილობის მოშლა ვერავინ შესძლო:

„...წუთისოფლობდნენ დობილები იმედნეულად ერთიერთმანეთისთვის. მზეც ერთი ჰქონდათ, და მთვარის ბაკმსაც ერთფრად მოიფრთახატულებდნენ.

პეპლათარი მეტწილს ცაში ატარებდა. თვითნებურად როდი. გვიმარისი ეტყოდა; წადიო, ცისა გამოწვლილვე ამბავიო. მეო, მიწისას გეტყვიო.

წავიდოდა ისიც.

მოიღლიდა ფრთებს ფრენით და მაშინვე გვიმარისთან ბრუნდებოდა...”

ეჭვი არ მეპარება, ბავშვებიც და მოზრდილებიც გულისყურით წაიკითხავენ სიკეთისა და წესიერების მქადაგებელ ლამაზ ზღაპარს „იყო შაშვი მგალობელი”. თვით სათაური გვახსენებს შორს დარჩენილ ბავშვობას, როცა ბებიები და ბაბუები, ჩვენს გასართობად, ჯადოსნურ ზღაპრებს ამ სიტყვებით იწყებდნენ.

აქ მართლაც ზღაპრული ფერებისა და ჯადოსნური ჰანგების ფონზე არის ნაჩვენები, დაუდეგარ, თავნება, ბოსტნებში მოძრომიალე, სტაფილოსა და კომბოსტოს ბაცაც ბაჭია თათინას როგორ გამოასწორებენ ბებერი, ფუღუროიანი მუხის ტოტებზე ჩამომწკრივებული შაშვი, ბულბული, მოლაღური და სხვა იშვიათი მგალობლები, მთავარი მაინც შაშვია, ვისმა ტკბილმა გალობამაც გრძელყურა, „მაცაცერა თათინა”, მისი მშობლების გასაკვირად, ასე სასიკეთოდ გარდაქმნა.

ასევე გონივრული, ჭკუის სასწავლია „ზღაპარი თევზისა თუ როგორ ასწავლა სოფელს შრომა”. ამ ზღაპარს ბონდო მაცაბერიძე მისგანვე გალექსილი მეტად მოხდენილი ფრაზებით იწყებს:

„...არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ მთისა და ამ ბარისი...” ზღაპარში დახატულია უკიდურესად ზარმაცების სოფელი, რომლის მაცხოვრებლები ხელს არ ატოკებენ, უზრუნველად ცხოვრობენ; გვერდით ჩამოუდით თევზით სავსე მდინარე. ახლობელი ტყეებიდანაც შვლები და ირმები ამ მდინარეზე ჩამოდიოდნენ წყლის დასალევად. ბედოვლათებს არც თევზი აკლდათ და არც ნადირის ხორცი, ღვთის წყალობის შემყურენი იყვნენ. ერთხელაც მდინარის ნაპირს უცნაური, მოლაპარაკე თევზი მოადგა, აფართხალდა და მუქთამჭამელები მოიხმო – შავი დღე დააყარა ყველას, ვინა ხართ რა მოდგმისანი, ჩემს ნაგრამს თქვენ ვერ გაგაჟუჟვინებთო განუცხადა მოგროვილთ და ლიფსიტიან-ქვირითებიანა, თევზებმა იქაურობა დატოვეს, მდინარე დაცარიელდა.

უქნარა სოფლელებმა, რაკი დაინახეს, რომ შიმშილით დაიხოცებოდნენ, იკადრეს და დაავლეს ხელი ნაირნაირ იარაღებს, შეესივნენ ტყე-ველს, დაიწყეს ხვნა-თესვა, ბაღ-ვენახის მოშენება და მოვლა. სოფელში დოვლათი დაგროვდა და წელში გაიმართნენ. ამ ზღაპრიდან დასკვნის გამოტანა არც ისე ძნელია – უშრომელად ბედნიერება არ არსებობს, შრომა ცხოვრების დედააზრია.

„მზის ზღაპარი” ყველასაგან განსხვავებული, ყველაზე პოეტური, ნათელი და ჰაეროვანია იმათ შორის, რაც ბონდო მაცაბერიძეს დაუწერია. დაწყებითაც არ იწყება ჩვეულებრივად, როგორც ზღაპარს იწყებენ ხოლმე. ეს არის ყველაზე დიდი სასწაულის, სიცოცხლის და ხილული სამყაროს თავისებული ჰიმნი. ზღაპრის შუაგულში ბრწყინავს ყველაფრის წყარო და სათავე – ღვთის ხატი, დიდებული მზე, ვისი წყალობითაც სულდგმულობს თვითეული მცენარე და ყოველი ცოცხალი არსება. ჩვენ ვხედავთ, რაოდენი სიკეთე მოაქვს სამყაროს გვირგვინის, ულამაზესი მნათობის თვალისმომჭრელ სხივებს, ცაში და დედამიწაზე უკიდეგანოდ განფენილს. შესავალი ნაწილი და ციკლად ჩაფიქრებული ექვსი თავი („ტყის ზღაპარი”, „ჩანჩქერის ზღაპარი”, „შუაღამის ზღაპარი”, „ყვავილის ზღაპარი”, „ქარის ზღაპარი”, „მიწის ზღაპარი”) ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის, ერთ ძაფზეა ასხმული და ლექსივით იკითხება (ალაგ-ალაგ ლექსებიც არის ჩართული). ცალკეული თავების განხილვა ძნელად მოსახერხებელია და არც არის საჭირო, ვინაიდან ფაბულა არ აქვთ, აქ ამბები ნაკლებადაა მოთხრობილი.

„მზის ზღაპარი” პატარა მკითხველს ამქვეყნიური სილამაზის ფაქიზ შეგრძნებას, ბუნების მოვლა-პატრონობას ასწავლის, სიკეთესა და შრომას შეაყვარებს, ეს კი ცოტა როდია.

* * *

ბონდო მაცაბერიძის ამჟამინდელ შემოქმედებაში განკერძოებულ ადგილზე დგას მოზრდილი ზღაპარი „კაკალო” (ოჯახის მარჩენალი თხის სამწუხარო ხვედრი), რომელსაც საფუძვლად მწერლის ბავშვობაში თავს გადამხდარი რეალური ამბავი უნდა ედოს. მესიამოვნა, რომ თემურ შავლაძემაც თავის მეტად გულთბილ წერილში ეს ზღაპარი გამოარჩია.

აი, ჩვენ დავცქერით გადალურჯებული ვაზის წინ მწვანე მოლზე წამოწოლილ, ფეხებდაბორკილ, ნაღვლიანად თავდახრილ ბეკეკას და გუმანით ვგრძნობთ მის გულსაკლავ თავგადასავალს. ვგრძნობთ იმასაც, აქ ბევრი რამ არის ავტობიოგრაფიული; ეპიზოდები ისე ბუნებრივად ენაცვლება ერთმანეთს, ყველაფერი თვალით ნანახის შთაბეჭდილებას ახდენს.

ამბავი თითქოს ჩვეულებრივია – მოთხრობილია, როგორ ჩადის პატარა ბიჭი ზაფხულის არდადეგებზე სოფლად, მოხუც, უზომოდ კეთილ ბებიასთან, როგორ ერთობა იქაურ თანატოლებთან, რომლებიც დილიდან დაღამებამდე ბურთს დასდევენ.

იმ დილითაც, გაღვიძებისთანავე, ბიჭი საუზმის ჭამაზედაც ჯიუტობს, მის გუნდს შეჯიბრი აქვს ფეხბურთში, გასაქცევადაა გამზადებული. ვერიჩკა ბებია, ახალაძის ქალი, საკმაოდ ენაკვიმატად გაკენწლავს ამდენი თამაშისაგან არაქათგამოცლილ შვილიშვილს:

„თუ ხედავ რას დაემგვანე, მარტო ყურები რომ ხარ დარჩენილი, თუ იცი მაგი?!.”

აქ მოხდენილადაა ჩართული, როგორ დაუკავშირეს ერთმანეთს ბედი ბებიამ და ომში დაღუპულმა ბაბუამ. ბაბუამისს, ყმაწვილობაში, ბათუმიდან მომავალს, მწყურვალს, ერთ ჭიშკართან, პატარა გოგონასთვის უთქვამს, წყალი დამალევინეო და თანაც თუნგი უნათხოვრებია მისგან, შემდეგ ჩამოვლაზე დაგიბრუნებო. მერე თუნგის თხოვებას აღარ დასჯერებია, ერთ დღესაც მეგობარი ბიჭები გაუყოლებია, მისდგომია ოჯახს და ის გოგო ცოლად მოუყვანია. ხუთი ქალი და ორი ვაჟი შესძენიათ. ორი ბავშვი ჩვილი დაუტოვებია ომში მიმავალს, შინ ვეღარ დაბრუნებულა.

ამის მერე გამოჩნდება ალაგეზე მომდგარი, ზღაპრად მოყოლილი ამბის მეორე გმირი, მთხრობელზე ორი წლით უფროსი, მასზე მაღალი და ღონიერი, ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი რომანი. იგი მუყაითი ბიჭია, მამამისს, ტიტეს, მხარში უდგას, ბევრს შრომობს, მაგრამ ენასაც უთავბოლოდ ატარტარებს. სწორედ რომანი ხდება ოჯახის საყვარელი მაკე თხის, კაკალოს დაღუპვის მიზეზი. იგი ყოვლად უცოდველ პირუტყვს ვენახში გადასვლას აბრალებს, ტყუილებს ჩმახავს, როგორც მამამისის შემონათვალს. დიალოგში მკაფიოდ იკვეთება მისი უსიამოვნო სახე:

„– მამამ დამაბარა, ვერიჩკას უთხარი, თუ თავის თხას არ დააბამს, იცოდეს თოფს ვესვრიო.

– კიდო, კიდო რაი დაგაბარა ტიტეიამ? – ჰკითხა ბებიამ.

– რაოდა, კიტრივით გავაგორებ მიწაზეო, აბა რა ჰგონია, სულ რომ გადატკვირა ვენახიო.

– ესე იგი, თოფს ვესვრიო, ხომ?! (ოჰო, გაცხარდა ბებია) – უყურე, რაი შემოუთვლია ტიტეია გლახას?! გადაქარდით აქედან შენ და ბრუტიანი მამაშენი, თვარა ახლავე თავებს დაგიხეთქავთ, – ბებიამ საცეცხლურს ხელი წამოავლო.

– ნახე, მამაიას თუ არ ვუთხრა ყველაფერი! – წამოიძახა რომანიამ და კარში ისე სწრაფად გავარდა, თითქოს მართლაც ედრუზოს ვინმეს მისთვის თავში ის საცეცხლური...”

ამ ყვირილზე ვერიჩკას მომიჯნავედ მცხოვრები გაუთხოვარი მული (იგი ბავშვების გაზრდაში ეხმარებოდა დაქვრივებულ რძალს), ბიჭის მამიდა მარია გამოჩნდება და ისიც ვერ მალავს თავის აღშფოთებას:

„– რა უნდა, ქალო, ამ თხისაგან, კაკალოს ძვალი დაადგეთ ჩხაიძნებს გულზე. თავად ჯოგად დაუდით და, რავა, ჩვენი ერთი კინკილა თხაი გოუკვირდათ, ბეჩა?!.”

იქვე ენამოსწრებულად, სახალისო იუმორით არის შეფერადებული რძალ-მულის შეხმატკბილებული ცხოვრება, ვიდრე სიბერეში, „ერთი ქარიფრინდა დედლის გამო”, ერთმანეთს დაემდურებოდნენ. ეს დედალი მორიგეობით დებდა კვერცხს ხან რძალთან და ხან მულთან, ერთხელაც, როცა ბოლო კვერცხი (ერთით მეტი) ვერიჩკას ეზოში დადო, კიდევაც მოკრუხდა და რძალ-მული ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაიკიდნენ. ღობე გაავლეს, მაგრამ ჭა მაინც დარჩათ საზიარო. ერთ დღეს ის უცნაური, შუღლის ჩამომგდები დედალი ქორმა დაბუბნა და გაიტაცა. ქალების ვაი-ვიშმა ვერ დაიხსნა საწყალი. ამის მერე აღარაფერი ჰქონდათ საკინკლაო, რძალ-მული შერიგდნენ.

მშვენიერია ეპიზოდი საბალახოდან კაკალოს დაბრუნებისა, როცა ცხოველი ხმამაღლა დაიპეტელებს. იგი ბიჭს ყველაფერს პეტელით აგებინებს. შეუძლებელია დაგავიწყდეს მათი „გასაუბრება”:

„– პეე-ე, რას მიყურებ, ხომ ხედავ, მოვედიო, – გაიმეორა კაკალომ.

– ვხედავ, ქალბატონო, რომ მოხვედი. რა გინდოდა რომანიეს ვენახში? იცი, აქ რომ იყო და რაი უთხრა ბებიას?

– პე-ე, – რაიო?

– რაიოდა, მამაჩემი კაკალოს თოფს ესვრისო.

– პეეე-ე, – ვიციო, – აგერ შემხვდა. შუკაში გარბოდა. მე არავის ვენახში არ ვყოფილვარ, ტყუილია მაი. ქვეით ვიყავი. ჩვენი ყანის კიდეებზე ვიწიწკნებოდი. ჰო, ჰო რას მიყურებ?.. ადექი, გამოაღე ჭიშკარი და ეზოში შემომიშვი, ხომ ხედავ, მაკედ ვარ და ალაგეზე გადმოხტომა არ შემიძლია...”

ამ უეშმაკო, ალალი დიალოგის მერე კიდევ უფრო გულდამწველია ის, რაც ბოლოს ხდება – მანამდე ბიჭი თავს ევლება კაკალოს, მარილწყალს დაუდგამს, დაარწყულებს. დილაზე ღელიანში წაყვანას პირდება (თხას ცვრიანი იონჯა მონატრებია).

ვერიჩკა ბებიას ქალაქში ბალი მიაქვს გასაყიდად, საღამოს უნდა დაბრუნდეს. საბალახოზე წაყვანილ თხას დაბორკავს, რომ მომჩივან მეზობლებს სალაპარაკო არ მისცეს (ამას ბიჭი მერე შეიტყობს).

ბებია მულის პირით უბარებს შვილიშვილს, რომ სახლი არ მიატოვოს. მარია ბიჭს ეუბნება, რომ თხას ეზოს ბოლოში მალ-მალე ჩააკითხოს, წყალი დაალევინოს. ძალზე შთამბეჭდავი, ამაღელვებელია თხის პირველი მონახულება. იგი ჯერჯერობით უვნებელია, მაგრამ გაკოჭილს გადაადგილება არ ძალუძს: „კაკალო ყანის კიდეზე იწვა, მუცელი ფეხებს შუა გაეგდო და ყურებით ბუზებს იგერიებდა.

„– კაკალო! – დავუძახე შორიდან.

– პეე-ე – აქა ვარო, – მომეგება და ასადგომად წამოიწია.

– იწექი, არ ადგე, - ვუთხარი და გვერდით მივუცუცქდი,

– ნუ გეშინია, რომანიე ვერაფერსაც ვერ გიზამს, აბა ერთი რამე გაბედოს?!

– პეეე-ე, კი, გეგონოს, აი ნახე რა მიქნესო, – მითხრა და წინა ფეხები მაჩვენა.

ბებიას მისთვის ჯაჭვის ბორკილი დაედო.

– ასე ხომ?! აბა ნახოს რომანიამ, თავი თუ არ გავუჩეჩქვო! მე ახლავე მოვალ, ქლიბს მოვიტან და მოვალ, ხო?

– პეე-ე, მალე მოდიო, – მომაძახა კაკალომ...”

სწორედ აქ ხდება საბედისწერო რამ, რაც მთელი ცხოვრება სანანებლად დარჩება ბიჭს. მას ეზოში თანატოლები დახვდებიან და ფეხბურთის სათამაშოდ მიჰყავთ, წიაღუბნელებს ვეჯიბრებითო. დიდხანს გასტანს ის უშედეგო თამაში. სიბნელეა, როცა შინ ბრუნდება, ფრთხილობს, ქალაქიდან დაბრუნებული ბებია არ გავაღვიძოო. ისევ ფეხბურთზე ფიქრობს, ფრედ დამთავრებული შეხვედრა მეორე დღისთვისაა გადადებული. დილითღა გაახსენდება საყვარელი თხა, როდესაც ბაგა დაცარიელებული დახვდება. ბებიასგან იგებს, რომ ბორკილს მიუჩვეველ კაკალოს მაწანწალა ძაღლები დააფრთხობდნენ და სადმე ხევში იქნებაო, ბიჭი გამწარებული გარბის.

ხევიდან მართლაც მოესმება ძაღლების ხროვის ყეფა.

მათ ქვებს დაუშენს, გაფანტავს და ამ დროს საზარელ სურათს იხილავს:

„– კაკალო! ეს რა მოგსვლია, მანდ რა გინდოდა!

ხევში მოწყვეტით დავეშვი და კაკალოს თავზე წავადექი, – კაკალო, ადექი, მიდი ადექი და შინ წავიდეთ, ხო... ადექი, გეხვეწები, ადექი... ადექი... ადექი...

კაკალო ქვებზე უძრავად იწვა. ერთადერთი რაც მის ცივ სხეულს იმედნეულ წინწკლად კიდევ აჩნდა, ეს ყურთან მიმქრალად მფეთქავი ძარღვი იყო მხოლოდ.

– კაკალო, ადექი, ადექი და შინ წავიდეთ, ხომ – ჩურჩულით ვუთხარი და თვალის უპე ფრთხილად ავუწიე. კაკალოს ღია თვალიდან თბილი ცრემლი გადმოგორდა და მარჯვენა ხელისგულზე დამეცა.

– პეე-ე, რატომო, – მითხრა კაკალომ მინავლული ხმით და ყვრიმალზე ძარღვის ფეთქვა შეწყდა...”

ამის მერე აღარაა გასაკვირი, რომ სათამაშოდ შეჯგუფებულ თანატოლებში ჩამდგარი ბიჭი უშნოდ მოქილიკე, მუქარით მოლაპარაკე რომანიას, ვისმა ბოროტმა ენამაც იმსხვერპლა საყვარელი თხა, კისერში წვდება და მისი მოქიშპე გატოკებას ვეღარ გაბედავს. სხვებიც დაიბნევიან. ბევრის მთქმელია ბოლოსკენ ნათქვამი ერთი ფრაზა, რაც დარდისგან გამწარებული მთხრობელის აფორიაქებულ სულში გვახედებს: „... ჩემმა მომუჭულმა მჯიღმა ბიჭები ისე დააფრთხო და ისე სასწრაფოს გამცილდნენ გვერდიდან, თითქოს მომუჭულ მჯიღში კაკალოს ერთი წვეთი ცრემლის ნაცვლად, ბომბი მჭეროდეს...”

წერა ყველაფერზე შეიძლება, თანაც ისე, რომ სულიან-ხორციანად შეგძრას. არაფრით არ მავიწყდება ერთი იაპონელი მწერლის მოთხრობა, რომელშიც წყალდიდობის, მეხთატეხის ჟამს ულამაზესი, წითელი ბაყაყის მოკვდინებაა აღწერილი. ნამდვილი ტრაგიკული განცდაა. თითქოს შეუთავსებელიც არის – ბაყაყი, წყლის ცხოველი, ნიაღვრისაგან იხრჩობა.

აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ქართლ-კახეთის გამაერთიანებლის, ერეკლეს მამის, ტრაგიკული ბედის გვირგვინოსანი პოეტის – თეიმურაზ მეორის, ხუთსტროფიანი საუცხოო ელეგია – „ბიჟინას სიკვდილზედ”. იგი ეძღვნება უფლისწულ ერეკლეს საყვარელი, ხელზე შეჩვეული თხის (ძუძუს აწოვებდა ერეკლეს აღზრდილ შველს), ბიჟინას დაღუპვას. ეს თხა ავად გამხდარა და სასახლის ქალებმა დააკვლევინეს, რასაც დიდად დაუმწუხრებია ახალგაზრდა ბატონი.

რაინდი მეფე, ნიადაგ სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩაბმული, რომელიც თავის თავზე ამბობდა: „ვწერდი ცხენს მჯდომი, ვლაშქრობდი...” – თითქოს ბოდიშობს, რომ ასეთი ფაქიზი გრძნობების გამოხატვა უწევს (თუმცა, როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, თეიმურაზ მეორეს თავისი ვაჟის სანუგეშებელი ლექსი ანა ბატონიშვილის სახელით დაუწერია), მისთვის საჩოთირო ამბავს ეხება: „აწ ვრიდობ თქმასა, ვით თხაზედ მოვსთქვამთ და მუდამ ვჩივითა”, მაგრამ, საბოდიშო და დასანანი არაფერია, მან ყველა დროის ქართული პოეზიის ანალოგიაში შესატანი შედევრი შექმნა. განცდის სიძლიერე, მომხდარით გამოწვეული, ნუგეშით შეზავებული ტრაგიზმი რომ შევიგრძნოთ, რამდენიმე სტროფის ამოწერა მოგვიხდება:

მოგიკვდა თქვენი ბიჟინა, ამიერ სოფლით გავა-და!

ვერც მოვიხმარეთ ჩვენ ხორცი, ბარკალი, ვერცა გავა-და,

არც გამოგვადგა გუდად და ტყავი არც ფარად გავა-და,

ფათერაკის გზით მოგვიკვდა, ცოტა ხანს გვიწვა ავადა.

ჩიოდა ამას ბიჟინა, როს ხდომა ჰქონდა სულისა:

„სად მყავს ჩემი ბატონი, ჩემი ამგები ხულისა?

უმისოდ მომკლეს დიაცთა, არ მყვანდა მტკენი გულისა.”

აწ თქვენ შეგკადრეთ უგრძნულად სიკვდილი მის ბედკრულისა.

ჩვენც გვეწყალოდა, რა ვნახეთ ვერ შემჭამელი მაზისა,

საკლავად გამომეტებით მოსდევდა თვალ-ლამაზისა,

გოგიაურის ქალს უთხრა სწრაფლ გახურება გაზისა,

უთხრა: „დაგლიჯე ასონი ბიჟინა ტურფა ნაზისა”.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია ელეგიის ფინალური სტრიქონები; სულთმობრძავი ბიჟინა კვლავ ალაპარაკდება, მის მოყვარულ ბატონიშვილს ამცნობს გრძნეულ ხილვას სამოთხეში მოხვედრილ ოქროსრქიან, მითიური იერის თხაზე, რომელიც მასაც ეპატიჟება ნეტარ საუფლოში და მარადიულ სიხარულს პირდება, მისი ხვედრი საგლოვი აღარაა:

სულთ-ბრძოლის დროსა ჩვენება ნახა, ადგილი მზიანი,

გვითხრა: „ვნახეო ნათელში, თხა არის ოქროს რქიანი,

უცხოს სამყოფში კიკინებს, არა სტირს სულის ზიანი,

მოდი და ჩემთან იხარე, ნუღარ ხარ თვალ-ცრემლიანი.”

თეიმურაზ მეორის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამომცემელი, ნაადრევად გარდაცვლილი მკვლევარი გიორგი ჯაკობია წინასიტყვაობაში, მის მიერ დასათაურებული ლექსის გამო, წერს: „აქ მეტად ნაზი, ლირიული განცდებია წარმოდგენილი; ქართულ პოეზიაში პირველად ამეტყველდა ცხოველი (თხა), რომელიც გულდამწვარი გაიძახის: „სად მყავს აწ ჩემი ბატონი...”

ზედმეტი ალბათ არც იმის თქმაა, რომ თეიმურაზ მეორე ჩვენს მწერლობაში ცალად არ დარჩენილა, მოგვიანებით მას მხარი აუბა დიდმა აკაკიმ, ვინაც სახალხო ცნობიერებაში ეშმაკის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეულ ამ შინაურ ცხოველს მრავალი თბილი, მომფერებელი სტრიქონი უძღვნა. სამაგალითოდ შეიძლება მოვიტანოთ ხალხურ კილოზე გაწყობილი ლაღი ლექსის („ჩემი თხა”) რამდენიმე სტროფი, სადაც ასე საცნაურია „ციცინათელას” დამწერის ალერსიანი ხმა; თვითეულ სახეს ღვთაებრივი პოეტის კეთილი ღიმილი დასთამაშებს:

ჩემო ლამაზო ბეკეკა,

შენ ჩემო თხაო ბელაო!

ჩემი მტერი და ორგული

შენ გენაცვალოს ყველაო!

......................................

მთაში რომ წაკიკინდები,

დააგდებ მინდორ-ველსაო,

ჯიხვებს ეწევი კლდეებში,

იქ მოიღერებ ყელსაო!

მოხვალ და საწველს ამივსებ,

არ დამამადლი წველასო!..

მეძღვნეო ჩემო შვილების,

შენ მირჩევნიხარ ყველასო!

თვალისჩინივით მოგივლი,

ნუ გეშინია მტერისა!

მაგ ძუძუების ჭირიმე,

საწველში ჩაიმღერისო!

მწამს, აკაკი რომ ხატავს, სწორედ ასეთი მშვენიერი და ჭკვიანი თხა იქნებოდა კაკალოც, რომლის დაღუპვასაც ხსენებული ზღაპარ-მოთხრობის ავტორი ვერაფრით ვერ შერიგებია. ბონდო მაცაბერიძის ახლახან გამოქვეყნებულ მეტად პოეტურ, მიმზიდველ ციკლში („ზღაპრები ბექნა ბიჭზე”) კაკალო კვლავ ცოცხლად იხსენიება და ალბათ ასეთადვე დარჩება მწერლის ფერუცვლელ მეხსიერებაში.

როცა ზღაპრის სამყაროში ვიმყოფებით, ყველაფერია მოსალოდნელი. რომელიმე კეთილმა თაგუნამ, ზადომ ან ბადომ (ისინი ხომ ბონდო მაცაბერიძის მოზრდილი ზღაპრის გმირები არიან) ეგებ სულაც ჯადოსნური ბალახი იპოვა, მოაცუნცულა, მაწანწალა ძაღლებისგან დაგლეჯილ კაკალოს ტუჩებზე მოუსვა და ფეხზე წამოახტუნა. ზღაპარში რა აღარ ხდება და რაღა თავისი საყვარელი კაკალო უნდა დაეტოვებინა მწერალს ყვავ-ყორნების საძიძგნად? ზღაპარსა და სიყვარულს, ათასჯერ თქმულა, ყველაფერი შეუძლია.

* * *

და ბოლოს, „კაკალოს” წაკითხვის მერე ერთმა პარალელმაც შემახსენა თავი, მაგრამ ყურით მოთრეული, ნაძალადევი არც ის იქნება, ეს ნაწარმოებთა ერთნაირმა თემამ და საერთო სულისკვეთებამ განაპირობა.

ვინ არ იცის – ცხოველებზე უამრავი მშვენიერი მოთხრობა თუ ზღაპარი დაწერილა. მათ შორის ერთ-ერთი უძლიერესია ტრაგიკული ბედის დიდი რუსი მწერლის ანდრეი პლატონოვის საყმაწვილო მოთხრობა „ძროხა”, რომელსაც შინაგანი წუხილისა და მღელვარების გარეშე ვერავინ წაიკითხავს.

მიყრუებულ სადგურში მცხოვრები რკინიგზელის ბიჭი (იგი ხშირად ცვლის მამამისს მორიგეობის დროს), საკვირველად საზრიანი და მგრძნობიარე ვასია რუბცოვი, მეოთხეკლასელი მოსწავლე, თავს ევლება ფიცრულში დაბინავებულ, გამხმარი თივის მცოხნელ მოწყენილ ძროხას, რომელსაც შვილი, პაწია მოზვერი, ავად გაუხდა და ბიჭის მამამ ბეითალთან წაიყვანა. ბიჭი ეალერსება, თვალებს უკოცნის, ელაპარაკება ჩერქეზული ჯიშის ნაცრისფერ პირუტყვს, ამშვიდებს, რომ შვილი მალე დაუბრუნდება. ძროხა გვერდულად იყურება, ხმას არ იღებს, ჩაშავებულ თვალებში უსაშველო ნაღველი ჩაბუდებია. ცივა. საკვამურში ქარი შემოდგომის გრძელ სიმღერას ზუზუნებს. უსიხარულო ზამთარი კარზეა მომდგარი.

მოხდება გულსაკლავი ამბავი. ხბო მოიკეთებს, მაგრამ ოჯახის უფროსს კაი ფულს შეაძლევენ და გამოჯანსაღებულ მოზვერს საყასბოს აბარებს დასაკლავად. ძროხა მიხვედილია თავის უბედურებას და საცოდავად იწყებს ზმუილს, ჭამას მიატოვებს, დადარდიანებული უძლურდება, უაზროდ დაეხეტება სტეპში. კაცი დაღონებულია. ეს რომ მცოდნოდა, ხბოს არ გავყიდიდიო. ერთ დღესაც, რკინიგზის ლიანდაგზე დამდგარ ძროხას (ვასიას ნაცნობი კეთილი მემანქანე დიდხანს აყვირებს ნიშანს) მატარებელი გაიტანს. ძროხას, რომელიც ოჯახისათვის არაფერს იშურებდა (მას მიწასაც ახვნევინებდნენ), ბოლოს ხორცად აბარებენ რაიონის ცენტრში, მამა-შვილს ფულს უხდიან. გზად ვასია სასოფლო სკოლაში რჩება ღამის გასათევად, ვინაიდან მისი სახლიდან ამ სკოლამდე დიდი მანძილია. დილით მასწავლებელი ბავშვებს დაავალებს, თავიანთი ცხოვრებიდან რაიმე დაწერონ.

ბიჭი საკლასო რვეულში თავის სადარდელს სადად, თავშეკავებულად, და ამასთანავე გულისდამწველად ჰყვება: „ჩვენ გვყავდა ძროხა. სანამ იგი ცოცხალი იყო, მის რძეს ვსვამდით დედა, მამა და მე. შემდეგ დაბადა ხბო და ისიც წოვდა რძეს. ჩვენ სამნი ვიყავით, ის მეოთხე და რძე ყველას გვყოფნიდა. გარდა ამისა, ძროხა საყანეს ხნავდა და ტვირთსაც ეზიდებოდა. მერე ჩვენ მისი შვილი სახორცედ გავყიდეთ. ძროხას ტანჯავდა ეს ამბავი, მაგრამ იგი მალე მოკლა მატარებელმა. ისიც შეჭამეს, როგორც საქონელი. ძროხამ ყველაფერი მოგვცა – რძე, ხბო, ხორცი, ტყავი, შიგნეული და ძვლებიც, იგი კეთილი იყო. მე მახსოვს ჩვენი ძროხა და არასოდეს დავივიწყებ”.

შებინდებისას დაბრუნებულ ვასიას, საგუშაგოდან დაბრუნებული მამაც დახვდა. რკინიგზელი ცოლს ორ ხუთთუმნიანს აჩვენებდა, ას მანეთს, რომელიც მისთვის მომხდარით შეწუხებულ, კეთილი გულის მემანქანეს დაეტოვებინა. ადრე ვასია იმ მემანქანეს შეღმართზე ორთქმავლის წაყვანაში დაეხმარა. ლიანდაგზე სილას უყრიდა. ისინი დამეგობრდნენ. ამ საყმაწვილო მოთხრობაში ისევე, როგორც პლატონოვის სხვა უმნიშვნელოვანეს ქმნილებებში, იგრძნობა ზღაპრის ენა. ანდრეი პლატონოვს განსაკუთრებულად იზიდავდა ზღაპრების სამყარო. არაერთი რუსული ხალხური ზღაპარი მისებურად დაამუშავა და მშვენიერი წიგნიც გამოუვიდა.

ზღაპარი, უაღრესად ტევადი, საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ტრადიციული ჟანრი, მრავალ საფიქრალს აღძრავს. საგანგებო მტკიცება არ ესაჭიროება შთაბეჭდილებას, რაოდენ დავალებულია ზღაპრისაგან ფრანსუა რაბლეს გენიალური რომანი. მილან კუნდერა ფიქრობს, რომ განსაცვიფრებელი პანტაგრუელი ჯადოსნური ზღაპრის პირმშოა (გავიხსენოთ მისი უცნაური დაბადება) და მას, როგორც აბრეშუმის პარკიდან გამოვარდნილ პეპელას, ჯერაც არ მოსცილებია ჭუპრის ბუმბლები. საერთოდაც, სამართლიანად ფიქრობენ, რომ რომანი ზღაპრისგანაა წარმოშობილი, იმდენად მდიდარი, მრავალფეროვანი და ფართოა მისი წიაღი, წარმოსახვათა სპექტრი.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ იმასაც ვიტყვი – რაბლეს უკვდავი წიგნი კარგა ხანია უბადლოდ, ვირტუოზულად თარგმნა ქართული სიტყვის ჭეშმარიტმა, დაუღალავმა ჭაშნაგირმა გურამ გოგიაშვილმა და იმედი უნდა ვიქონიოთ, ამ საშვილიშვილო ნაშრომს მალე საკადრისად გამოცემულს ვიხილავთ.

* * *

ბონდო მაცაბერიძე სიტყვაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცია. მუდამ ლამობს ქართული ენის ხელუხლებელი შრეები მოსინჯოს, ახალ გარსში მოაქციოს და მოატრიალოს სათქმელი; ყოველნაირად ერიდება მრავალთაგან ნაცადი, გატკეპნილი გზით სიარულს, რათა თავიდან აიცილოს ერთფეროვნება, მონოტონურობა, არ მოაკლდეს სინონიმთა სიუხვე, რაც განსაკუთრებულად ამდიდრებს სალიტერატურო ენას.

თავისებურად თქმის დაუოკებელი სურვილი მის არაერთ ზღაპარში მჟღავნდება. ბუნების სურათი, როცა დილით მნათობი არ ჩანს, მაგრამ არც ავდარია მოსალოდნელი, ასეა გადმოცემული: „ცა უმზეობდა”. გამთენიის ხანი, „შებინდების” კვალობაზე. მარჯვედ არის სახელდებული: „შეცისკრება”. პოეტური და შთამბეჭდავია ქარზე ნათქვამი: „სოფლის ამბავი დაჰქონდა გზად”.

პატარა მონადირე, ბექნა-ბიჭი, როცა ნაწვიმარზე მიწა გაფუებულია და იოლად ტალახდება, ატყობს, რომ მის გამოჩენამდე ტყეში ხის მჭრელები შესულან და ესეც პოეტურად არის გამოხატული: „მიწას ურმებისა ეთქმოდა ნამუხლარი.” ამის გაგება ალბათ ისეც შეიძლება, რომ საურმე გზაზე თვლები ღრმად ეფლობოდა. შინისკენ მიმავალი გზა ზღაპრებში „შინაგზად” იხსენიება, რაც უფრო მოქნილს ხდის ავტორისეულ თხრობას. ამის მაგალითი ბევრია.

მშვენიერია ზამთრის სურათი, როდესაც, გათოვების მერე, გარემო თვალისმომჭრელად ქათქათებს; ლექსად ისმის: „ჩამოცლილიყო ცა ფანტელებად და მიწას თეთრი ეფინა დილა – ხარობდნენ ბავშვნი...” დევებთან შესარკინებლად მიმავალი ბექნა-ბიჭი და მისი ერთგული ცხენი ერთმანეთში ხშირად საუბრობენ, რაც ზღაპრისათვის უცხო სულაც არ გახლავთ, ოღონდ მათი მეტყველებაა უჩვეულო და ახალი. პოეტური და მახვილგონივრულია ენაგრძელი მერაბა მონადირის გასაკიცხად ცხენის ნათქვამი: „...რა იციან ამ მონადირეებმა, თოფის ლულა სულ ტყუილებით აქვთ გამოტენილი!..”

ბონდო მაცაბერიძე თავის დიდ-პატარა ზღაპრებში ხშირად ლექსად ურთავს თითო-ოროლა ბწკარს, რაც თხრობას აცოცხლებს, პოეტურ იერს სძენს: „..ცამ მოიხსნა საკიდარი, თოვლის ფანტელს ბერტყავს ქარი...”

ზამთარში, გახურებული ციგაობის მერე, აგუზგუზებულ ბუხართან საღამოხანს მიმსხდარი ბავშვები ჯადოსნური ზღაპრების მოყოლის გუნებაზე დგებიან. იქაურობას თითქოს შემაღლებული სავსე მთვარის ცერცხლისფერი შუქი ეფინება: „...გვიან ხნამდე, ვიდრე მთვარე გადასცრიდა ცაზე, ბუხრისპირას ზამთრის ზღაპრებს თხზავდნენ...”

ძალზე მოხდენილადაა ნაგრძნობი გაბმული თოვის, უამინდობის გამო მოწყენილი ტყის ფრინველების გარინდება: „...დაიმწუხრეს ჩიტებმა... კარგახნობა ფრთაც არ აუცისზევითებიათ ბუდეებიდან...”

ჩვენს მწერალს უთუოდ ემარჯვება ზამთრის პეიზაჟების ხატვა.

ხვავრიელი თოვის შემდეგ (ამ დროს გაბეზრებული სოფლელები ღვინის სმას ეძალებიან), კაშკაშა მთვარე გამოჩნდება და ყველანი ერთბაშად გახალისდებიან, ძველ ჩვეულებას იხსენებენ:

„...ყანწებსა თუ სამწდეურებში ჩამწყდარ მონადირეთ ერთი ტყვიის სხლეტა აეტეხნათ მთისწვერზე გადმომდგარ მთვარისათვის იმ თავიანთი ყირიმის თოფებით...” იოლი შესამჩნევია, რომ ჩვეულებრივ „ტყვიის სროლას” აქ „ტყვიის სხლეტა” შეენაცვლა, ეს კი ყურს განსხვავებულად ხვდება. ამ გამოთქმის სათავე, ცხადია, თოფის სასხლეტია.

ზამთარში დანთებული მოგუგუნე ბუხარი და ზღაპრები, როგორც ვიცით, ერთმანეთისაგან განუყოფელია და მწერლის საზრიანი გმირიც მარჯვედ იყენებს ამ ხელსაყრელ შემთხვევას:

„ამოდენა თოვლსა და ყინვაზე გამწყრალი ჩვენი ბექნაც მიუჯდა იმ თავის გვარის ბუხარს და აყრევინა და აყრევინა ზამთრის ზღაპრები...”

მშვენიერია ის სურათიც, როცა ზამთარს ძალა ეცლება. გაზაფხულის გამოჩენა ერთადერთი სიტყვითაა დახატული: „გადიმარტა.” ამ დროს ალაგ-ალაგ, კიდევაა შერჩენილი თოვლის ნაფლეთები, მაგრამ პირველი მახარობელი ყვავილები – იები, ფურისულები და ენძელები – უკვე ამოწვერილია. იქვე ესეც სახიერადაა ნათქვამი; „თოვლნაფიფქარ მიწას იისფერი წაჰფენოდა აქა-იქა.”

მიმწუხრს, საღამოხანს უთუოდ უხდება გამოთქმა: „მზის მიმქრალობა”. გადაუღებელი, გაბმული, თავის მომაბეზრებელი წვიმებით გამოწვეული მოწყენა ზუსტადაა ნაგრძნობი ამ სტრიქონებში:

„...აგერ, უკვე მერამდენე დღეა დაავლებული ვზივარ ფანჯარასთან და დაქანცული მზერით გავყურებ სოფლის შარაზე ცის გუბეებად ჩამოქცევას...”

ბავშვისათვის შესაძლოა ძნელად აღსაქმელი იყოს, მაგრამ სწრაფად მედინი დროის სახოვნად წარმოსადეგად მწერალს მშვენიერი შედარება-მინიშნება მოუძებნია: „...ხშირად კიდეც გეჩვენება, საათის ისარი გულისცემას დასჯერებია...”

იოლი წარმოსადგენი, ახლებური და ძალზე პოეტურია წელიწადის ცივ, მკაცრ დროსთან დაკავშირებული ლამაზი მეტაფორა: „...ზამთარი სახლის ფანჯრებს ყინვის თითებს უფხაჭუნებდა...”

არაფერია იმაში საჩოთირო, როცა მკითხველი ბონდო მაცაბერიძის ზღაპარში, არცთუ იშვიათად, მისთვის უცნობ, დიალექტოლოგიურ ლექსიკონებში შეუტანელ სიტყვებსაც წააწყდება. მაგალითად, ასეთს: „...გამოაღო მარიამმა თახთაბარი, გადმოიღო ერბოთი სავსე ხალანი და ბელს წინ დაუდგა...” „თახთაბარი” – როგორც აზრით ჩანს, განჯინაა და ამ სიტყვას ჟღერადობაც კარგი, სასიამოვნო აქვს. ბავშვს არც იმის გაგება აწყენს, რომ „ხალანი” პირფართე ქოთანია.

ნეოლოგიზმებისკენ ბონდო მაცაბერიძის მიდრეკილება იმდენად მძლავრია, რომ სასაუბრო მეტყველებაში დამკვიდრებულ იდიომებსაც იგი თავისებურ იერს ანიჭებს. ამის ნიმუშად გამოდგება მიამიტ, ზედმეტად ხელგაშლილ, წლიურ სარჩოს გარეშე დარჩენილი ჭიანჭველა ჭოჭრომელზე ნიშნის მოგებით ნათქვამი:

„...წადი, ბაბა, აწი შინ, ჭიაყელასავით მოკრუნჩხული უსიტყვოდ მიეგდე შენს საწოლზე და უჭმელობით გამოლასტულ კუჭს, ეგების დილამდე სული მიატანინო...” „გამოლასტული” უფრო ფერდებზე ითქმის, მაგრამ აქაც არა უშავს.

მშიერი ჭოჭრომელის დამპურებელი ფუტკარი ფიფი ჭოჭრომელს უხსნის, რომ ზამთარში ფუტკრებს სძინავთ, სანამ არ გაზაფხულდება „ვინემ მინდვრად ყვავილები მუხლს არ გაიდგამენ.” ესეც მოხდენილი მეტაფორული ნათქვამია და მისი მიხვედრა ბავშვს არ უნდა გაუჭირდეს.

ასევე პოეტური და გასაგებია დედა-ბუნების ღვთიური მადლი, გაზაფხულის დადგომასა და ველ-მინდვრების აფერადებას რომ ახლავს: „მიწა გულის იმედნეულ სითბოს აგებებდა ყვავილის თითოეულ ძირს...”

ერთ პატარა ზღაპარში განუყრელ წყვილად გვევლინება დობილები პეპელა პეპლათარი და მისი მასაზრდოებელი გვირილა გვიმარისი (ზღაპრებში გმირთა სახელები მუდამ მოხდენილადაა შერჩეული) ზოგჯერ, „ნიავქარობას” (სიტყვის ეს ფორმაც მწერლისეული უნდა იყოს), პეპელას მოფრენა შეუგვიანდებოდა ხოლმე და გვირილას აღონებდა ეს ამბავი, რაც, აგრეთვე, თავისებურად, ორიგინალურად არის გადმოცემული: „ნიავქარობას პეპლათარმა შეგვიანება იცოდა. ქარი თუ წაიღებდა შორი მინდვრით. მაშინ, გვიმარისი მზერას ააცისზევითებდა და თვალდანატრული გაჰყურებდა ცას...” („ააცისზევითებდა” სხვაგანაც ფიგურირებს).

ამავე ზღაპარში ყურადღებას იქცევს მოქნილი, ღრმააზროვანი ანდაზა, რომელიც, პირადად მე, აქამდე არ გამიგონია: „დარდმა საბუდარში ჩაიხედა, კრუხს კვერცხი გაულაყდაო.”

სიახლის გრძნობასთან ერთად, მწერლის მახვილი თვალი ჩანს მცირე, მოკვეთილ ფრაზაში: „...შაშვი ფრთების ფარფარით შემოჯდა ხის კენწეროზე...”

მშვენიერია ადრე ნახსენები სხვა ზღაპრის ფინალური სტრიქონები, როცა უქნარა სოფლელები მდინარის ნაპირას აფართქალებული თევზის საყვედურის, დამოძღვრის მერე გონზე მოვლენ, სავარგულების გამოსათავისუფლებლად, უსიერ ტყეს გაკაფავენ და შრომის ფერხულში ჩაებმებიან, აქ თვითეული სიტყვა პოეზიით სუნთქავს: „...შეაბეს უღელი და გამართეს ერქვანი. მოხნეს მიწა ყანდი და მიწა – უშალი. ჩაყარეს ვაზი და ნერგი ხილნარისა, მიწას შემოარტყეს ყანა პურეულის, ქვევრებს – მოძახილი მთვრალი საწნახლისა...”

ვფიქრობ, ბონდო მაცაბერიძემ სწორედ აქეთკენ უნდა წარმართოს საკუთარი უნარი და შესაძლებლობანი, რათა თავის პატარასა თუ დიდ მკითხველს კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს მშობელი ქვეყნის მიწა-წყალი, ჩვენი განუმეორებელი ბუნება. დარწმუნებული ვარ, ბონდო მაცაბერიძეს პატარ-პატარა, უზადოდ, მშვენივრად გამოცემული ზღაპართა წიგნები ბევრ მოზარდს გაულამაზებს ბავშვობას, სიკეთის გზაზე დააყენებს.

* * *

ამ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მეგობართან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო კინორეჟისორის ალექსანდრე რეხვიაშვილის ახალი, მხატვრულ-დოკუმენტრი ფილმის („უკანასკნელნი”) პრემიერას დავესწარი და კინოდარბაზი სულით ხორცამდე შეძრულმა, ჭეშმარიტი ხელოვნების ხილვით აღფრთოვანებულმა დავტოვეთ.

ეს არის მთიანი რაჭის განაპირა, თითქმის დაცარიელებული ორი სოფლის – ღებისა და ჭიორას – ყოველდღიური მომქანცველი შრომა და ცხოვრება წლიდან წლამდე. პირქუში ბუნების პირისპირ დამდგარი ხნიერი ადამიანები, მამა-პაპური წესით, ძალ-ღონის უკიდურესი დაძაბვის ფასად, თოვლში, ქარ-წვიმაში, სიმწრის ოფლს ღვრიან, რათა არსებობა შესძლონ, როგორმე თავი გაიტანონ. საქონელი და ძაღლია მათი თანამდგომი, ძნელბედობის მოზიარე და შემამსუბუქებელი.

ორღობეებსა და შუკებში ბავშვების ჭაჭანება არ ჩანს. ერდოზე ჩამომსხდარი დედაბრები ძაფს ართავენ ან ქსოვენ; თონეში პურს აკრავენ, წყალს ეზიდებიან. ბერიკაცები სათიბიდან ზვინებს მოათრევენ, შეშას იმარაგებენ, ქანცგამომცლელი შრომის მერე დაილოცებიან, არაყს გადაკრავენ, ანდა ღვინოს სვამენ.

სამუდამოდ გამახსოვრდება ერთი მოხუცი კაცის კარ-მიდამო. იგი ხის მასალას, ფიცრებს ეზიდება, თადარიგს იჭერს, რომ თავისი ქელეხისათვის გრძელი სკამები გამოჩორკნოს და სიკვდილის მერე სოფლელებთან არ შერცხვეს, მის დასასაფლავებლად მოსულებს სუფრა და დასაჯდომი დაახვედროს, ღირსეულად დაიმარხოს.

ასევე დაუვიწყარია არყის გამოხდისა და, განსაკუთრებით, საკალანდოდ ღორების დაკვლის ეპიზოდები, როცა, მუხლამდე თოვლში, გაკოჭილ ცხოველებს მიათრევენ და ცეცხლის პირად, სადაც ქვაბში ჯაგრის გასაცლელად მდუღარე ხვარხვალებს, ყელებს ჭრიან. სოფლის ნაგაზი თოვლზე დაქცეულ ორთქლიან სისხლს ლოკავს...

თითქმის ყოველ ეზოში მოხუცებულ, წლებისგან სახედაღარულ ქალებსა და კაცებს ხედავ. გული მოგეწურება მათ შემყურეს. ამ ტრაგიკული ფილმის მსვლელობისას, დროდადრო, ბონდო მაცაბერიძის ზღაპრებში გამოყვანილი კეთილი, ნიადაგ მშრომელი ცოლ-ქმარი მახსენდებოდა (ერთი მიზეზიp ალბათ ისიც იყოp, ზღაპრები ახალი წაკითხული მქონდა შენ ჩემო თხ/ppppაpო ბელაო!), და ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა ფინალურ ეპიზოდში საკრავების ხმა გაისმის და იქ დარჩენილ თალხსამოსიან სოფლელთა თვალწინ, გაშლილ მინდორზე, მათსავით მოხუცებული კაცი და ქალი საცეკვაოდ გადიან, მკლავებს გაშლიან და უpჩვეულო გზნებით დატრიალდებიან, თითქოსდა ახალგაზრდობის დაბრუნება უნდათო. მათ მოულოდნელ, უცნაურ მხიარულებას საძოვრიდან მომავალი ვეება თეთრი ხარი გაოცებული მიაჩერდება. მთელი ფილმის მანძილზე ისეთი ამაღლებული განცდა მქონდა, მეგონა ორი უდიდესი მხატვრის, ბრეიგელისა და ფიროსმანის სურათები ამოძრავდნენო.

სიცოცხლის ჟინით ატანილი ბებრები, კაცი და ქალი ხალისიან, ცეცხლოვან თამაშს განაგრძობდნენ (ისინი ნამდვილად გვანდნენ ბონდო მაცაბერიძის ზღაპრებში დაბინადრებულ მოხუც ცოლ-ქმარს) და მაშინ გავიფიქრე: ღმერთო, გვიშველე, გადაგვარჩინე! ეს ძველისძველი ქართული როკვა სიკვდილის ცეკვად არ გადაიქცეს და ჩვენი რაჭის ულამაზესი სოფლები გულსაკლავად არ გაუკაცრიელდეს, გადამთიელებს არ დარჩეთ. ბოლო კადრების ყურებისას ჩვენი სწორუპოვარი ხალხური სიმღერის სიტყვებიც ჩამესმა: „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა, ნურც ოდეს გაუხარია!”

* * *

დასასრულ, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო – ბონდო მაცაბერიძის ენა ძალზე მდიდარია, იგი სიტყვასთან თამამ დამოკიდებულებას იჩენს, ჭარბად შემოაქვს დიალექტური ფორმები, რაც უმრავლეს შემთხვევებში სასურველ შთაბეჭდილებას ახდენს. მწერალი ერიდება გატკეპნილი გზით სიარულს, მუდამ სიახლეს ესწრაფვის, რითაც ნორჩი მკითხველის ფანტაზიას მეტ გასაქანს აძლევს.

გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზღაპრე ზღაპარში გამოყვანილ გმირთა თვითეულ მოქმედებას ხატავს, თხრობისას იუმორსაც მოხდენილად ურთავს, ემარჯვება ამა თუ იმ სიტყვის თავისებურად გამოყენება: „წრუწუნები გაუნძრევლად იდგნენ გალიის კუთხეში და ყურებდაკაპიწებულები უსმენდნენ აბიბოს”.

ჩვეულებრივი გამოთქმაა „თვალის ცეცება”, მაგრამ როცა სიტყვა ახლებურადაა წარმოჩენილი, ფრაზაც სხვანაირ, მოულოდნელ ელვარებას იძენს: „წრუწუნებმა კაკალი ნაკვერჩხალზე დადეს და გაფაციცებით ცეცხლს მიაცეცდნენ”.

შეიძლება ბავშვს ზოგიერთი სიტყვა გაგონილი არც ჰქონდეს, მაგრამ თუ იგი ბუნებრივ კონტექსტშია მოქცეული, მისი გაგება არ გაუჭირდება: „ბევრი აკირწიკორწალეს წრუწუნებმა კაკალი”. აქ აზრიც მისახვედრია და სიტყვაც მოსაწონი, კონკრეტული მოქმედების გამომხატველი.

იმავე ზღაპრიდან („ზადო და ბადო”) ერთი პატარა წინადადებაც უნდა ამოვიწერო: „საწოლზე კაკლისა და თხილის კუკრუჭანები ეყარა”, ცხადია, „კუკრუჭანები” ნაჭუჭის სინონიმად არის გამოყენებული, ეს კი ბავშვის ლექსიკურ მარაგს გაამრავალფეროვნებს.

ბონდო მაცაბერიძის ზღაპრებში, ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე ქართული ფოლკლორის ცნობილი პერსონაჟები – დევები, გველეშაპები, მელიები... დევს მისი ქმედების შესაფერისი ლექსიკა უნდა მოუძებნო. მოხუცი ცოლ-ქმრის სიმწრით მოწეული ყანის შემმუსვრელი მახინჯი არსება სწორედ ასე მოიქცეოდა: „ბართქა-ბურთქალი გაჰქონდა დევს სიმინდებში”.

ეშმაკი, მოხერხებული მელიას გაწყობილ სუფრასთან შეზარხოშებული სამთავიანი დევი იმდენად ხელშესახებად არის დახატული, ჩვენ თითქოს მისი ხმამაღალი როხროხიც ჩაგვესმის და ამ შემთხვევაშიც ერთი სიტყვაა გადამწყვეტი: „– იხარე, მელაკუდავ, იხარე და იმრავლე, მააშ! – დაიბობორიყა დევმა და ღვინო გადაყლურწა”.

„მუჯლუგუნი” ამჟამად ჩვეულებრივი, ყოველდღიურ მეტყველებაში სახმარი სიტყვაა და ბონდო მაცაბერიძე მის სინონიმს ქმნის, რაც თხრობისას სრულებით არ გვეხამუშება: „ცუცუნამ მუშტუკუნი წაჰკრა ქმარს”. ამგვარივე მარჯვე სიტყვაა მწერლის მიერ საკმაოდ ხშირად გამოყენებული „თითწკვინტილი”, რაც წკიპურტს უნდა ნიშნავდეს.

წიფობელების უცნაური, სმენის დამაამებელი გალობის გადმოსაცემად მწერალს მშვენიერი სიტყვა მოუძებნია: „იქა-აქა მოლაღურების ჭივი ისმოდა”. ზოგიერთი გამოთქმა ენის გასატეხს ჩამოგავს:

„ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოუჭირვარამშოლტავს სოფელი მაწანწალა კატებსა და ძუძგის ვირთხებს”. ასეთსავე თარგზეა გამოჭრილი: „იმდენი იავდრეს, იმდენი, ვინემ ლაფიერა ბაბუას ტყიდან ზურგით წკნელი არ მოაზიდვინეს და ეზო არ ჩააშუაწკნელღობვინეს”.

ვინაიდან მსგავსი მაგალითები თითო-ოროლადაა, ეს შეიძლება ბავშვისათვის სახალისოც კი იყოს, გონების გასავარჯიშებლად გამოდგეს.

ურიგო არ იქნება, თუ შემდგომში ბონდო მაცაბერიძე თავის წიგნებს დაურთავს პატარ-პატარა ლექსიკონებს, სადაც თავადვე განმარტავდა ბავშვებისთვის ძნელად მისახვედრ სიტყვებს. ეს მათ კითხვას გაუიოლებს და მოზარდების ლექსიკაც შესამჩნევად გამდიდრდება.

საყოველთაო ნიველირების, ერთფეროვნების ტენდენციის უღიმღამო ფონზე, ქართული ენისადმი გამოხატული ბონდო მაცაბერიძის პოზიცია უთუოდ მხარდაჭერისა და მიბაძვის ღირსია.

* * *

რევაზ ინანიშვილს აქვს ერთი უნატიფესი, ერთგვერდიანი საბავშვო მოთხრობა „სად ცხოვრობს მეზღაპრე”, რომელშიც უცხო ფერებითაა აღწერილი ადამიანთა სამყოფელს მოშორებული, მაღალ, ზურმუხტოვან მთათა შორის მოქცეული ზღაპრული ტბა. იქ გარემოც ზღაპრულია და ასეთივე იერი დაჰკრავს ტყეში განმარტოებულად მცხოვრებ მოხუც მეზღაპრეს, ვისაც ქვეყნიერების სარკედ ქცეულ ლივლივა ტბაში პაწია ანკესი ჩაუგდია, წითელი ტივტივას შეტოკებასა და მერე წყალში ჩაძირვას ელოდება.

საღამოობით მის ქოხში უცნაური ამბები ხდება. ტყიდან ეული ჭოტის ნაღვლიანი ძახილი ისმის. მოხუც მეზღაპრესთან შინაურულად მოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, ტურები, მაჩვები და თავიანთ თავგადასავლებს უყვებიან. ქოხის პატრონს „წვერბოკოლა ფანქარი” უჭირავს, უბრალო მაგიდაზე „კიდეებშემოცვეთილი, სქელი, ვეებერთელა რვეული უდევს და ბუნების შვილთა ნაუბარს დაწვრილებით დინჯად იწერს. ასეთი ფანქარი და რვეული სწორედ რევაზ ინანიშვილს ჰქონდა და არ გაგვიჭირდება, იმ ჯადოქარ, მოხუც მეზღაპრეში მისი ორეული შევიცნოთ.

საგულისხმო, მრავლისმთქმელია, რომ ბონდო მაცაბერიძემაც თავისი ზღაპრების უმეტესობათა მოამბედ მიყრუებულ სოფელში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი შეიგულა და საკუთარ სათქმელს, ძირითადად, მათი პირით გვიმხელს. თავად მას, ჩინებულ მეზღაპრეს, ვისზედაც წინამდებარე ესე დავწერე, თავისი საყვარელი პერსონაჟების, იმ მოხუცი ცოლ-ქმარის ასაკამდე ბევრი აქვს დარჩენილი, იგი ჯერ ახალგაზრდაა, სამომავლოდ უფრო მეტ ცხოვრებისეულ სიბრძნეს შეიძენს და იმის ღრმა რწმენასაც გვინერგავს, რომ თავის მკითხველებს, პატარებსა თუ დიდებს, კიდევ ბევრი მშვენიერი ზღაპრით გაახარებს.

 

ამირან არაბული

ცეროდენების გულთამხედავი

(,,ჩვენი მწერლობა” N 1 (53) 4 იანვარი 2008 წ.)


ბონდო მაცაბერიძის ზღაპრების გაცნობა მკითხველს ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში დაარწმუნებს: ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის სურვილს, საგნობრივმა სამყარომ თავისი პირვანდელი ხიბლი, სითბო და სილამაზე შეინარჩუნოს, საზღვარი არ აქვს და, გარკვეული აზრით, არც ალტერნატივა...

ხისტი სინამდვილის მარწუხებში მოქცეული კაცის ცნობიერი წადილი, უსუფთავესი სულის პატარებს სიკეთის ღვთაებრივი ძალა აგრძნობინოს და განაცდევინოს, იმზომ მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით, მადლიერებით, წრფელი პატივისცემით არ განიმსჭვალო.

მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ნეგატიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ჭრილში უწყინარ გულუბრყვილობად, ბავშვურ მიამიტობადაც კი შეიძლება აღიქმებოდეს „მეზღაპრეობა“, მაგრამ წამით მაინც თუ გავიხსენებთ დოსტოევსკის ცნობილ ფრაზას „მშვენიერება იხსნის სამყაროს“, ჩვენი მზერაც სხვა სიბრტყეზე გადაინაცვლებს და აიმ ავტორის უხმაურო, უპრეტენზიო, ჭოჭრომელის, ფიფის და ფუნთოს, გვიმარისის, თათინას, ბებლოს, ქეთუთას და სხვათა უჩვეულო თავგადასავლების თხზვაში ღამენატეხი რომ ხვდება ალიონს...

მე თუ მკითხავთ, ზღაპრის წერა გაცილებით რთული, სარისკო და ნაკლებპერსპექტიული შემოქმედებითი აქტია, ვიდრე მინიატურის, ნოველისა ანდა მოთხრობისა.

გარდა იმისა, რომ გამომგონებლობა, წარმოსახვის უნაპირობა და ფანტაზიის სიფართოვე გმართებს, ზღაპრისქმნადობის ძველთუძველეს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც უნდა იცნობდე, უსწორებდე თვალს და უწევდე ანგარიშს.

ძნელია, არაერთი შესანიშნავი, მთის წყაროსავით გემოწმინდა ხალხური ზღაპრით სმენააცრილ ბავშვებს შენი სათქმელი და განწყობილება უწილადო, ემოცია გაუღვიძო, საფიქრალი გადასდო, თავი დაამახსოვრო...

მაშინ, როცა შუმი და ფსკერუჩინარი ქართული `ზღაპართსაცავი~ ათეულობით უნაკლო, ყოველმხრივ სრულქმნილ, მონოლითურად შეკრულ, შინაარსობრივად აღმატებულსა და დაუვიწყარ ნიმუშს ითვლის, ქართველების ერთი ნაწილის ინტერესი, რატომღაც, უცხოურ ზღაპრებზეა ორიენტირებული.

კარგია მსოფლიოს ხალხთა საზღაპრო ეპოსის რჩეული ტექსტების თარგმნა, გადმოქართულება და ტირაჟირება, მაგრამ მშობლიური ენის სტიქიაგამოვლილ სათავგადასავლო სიუჟეტს რომ ვერაფერი შეედრება, ესეც ხომ უდავოა და ცხადზე უცხადესი...

არაა გამორიცხული, ზღაპრის ნაცადი სიუჟეტური ქარგისა თუ განსახოვნების აპრობირებული მხატვრული ხერხების მცნობთათვის, ცოტა არ იყოს, უცხო და უჩვეულოც აღმოჩნდეს ბონდო მაცაბერიძის წერის სტილი და ხელწერა, მაგრამ თუ მოვიხსნით და გვერდზე გადავდებთ მკაცრი მენტორის მანერას და რიგითი, ჩვეულებრივი მკითხველის თვალით წავიკითხავთ მის ნაფიქრ-ნააზრევს, დამერწმუნეთ, ბევრს რასმე საგულისხმოს და საინტერესოს მივაკვლევთ და აღმოვაჩენთ მასში.

„მთის მწვერვალებიდან შემოდგომის ქარებს დამაყრებული ზამთარი“ გაფოთებით რომ გაიწევს ბარისაკენ, ჩამყუდროებულ ქართულ სოფლებში თეთრად ჩამოთოვლილი პაპა-ბებიების „გააქტიურების“ ჟამი დადგება და წინა წელთან შედარებით საგრძნობლად დანაკლულებული ზღაპრის თეთრ ლაქებს მათ მიერ ოსტატურად მოგვირისტებული ეპიზოდები ამოავსებს...

პერსონაჟთა სიმრავლით და ნაირსახოვნებით გამორჩეულ ბ.მაცაბერიძის ლიტერატურულ ზღაპრებში აშკარად იგრძნობა ანონიმ წინამორბედთა უმდიდრეს გამოცდილებასთან ის უმჭიდროესი სიახლოვე, რის გარეშე წამოწყებული საქმის წარმატება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

თხემით ტერფამდე მართალი და ბუნებრივი, ბუტაფორიულობისაგან აბსოლიტურად თავისუფალი უნდა იყო, გულდადებული მოსმენისათვის რომ განაწყო შენი მრევლი.

ნოველისა თუ იგავ-არაკის მასშტაბით ტექსტში გაშენებული ხე-მცენარეები (სოკო, მუხა, ბალახი, ბუერის ფოთოლი, სიმინდი, ია, ენძელა...), თუ სულიერი არსებანი (პეპელა, მოლაღური, ბაჭია, ჭიამაია, კოდალა, დათვი, გოჭი, მელაკუდა, გველეშაპი...), ავტორის ნების მორჩილ დამყოლებად წარმოსდგებიან და ისე შინაურულად, ლაღად და თავისუფლად გრძნობენ თავს ფერადებით პირთამდე გალიცლიცებულ უჩვეულო გარემოში, როგორც ერთი ლამაზი ხეობის მდინარისპირა შემომტკავლულში მშვიდად მსხდომი უსაქმური მაცხოვრებლები...

ავტორთან გაიგივებული და გათანაბრებული, წვიმიანი აპრილით `დაავლებული~ გულკეთილი გმირი სოფელ-სოფელ დადის ცარიელი გუდით; ხვდება ხანმოთეულ მოხუცებს, ეცნობა, ესაუბრება, უახლოვდება და მათგან გაგონილი ფანტასტიკური ამბები სამზეოზე, სააშკარაოზე გამოაქვს.

ესეც მოხდენილი ხერხია, მისტიფიკაციის მხატვრული ხერხი, როცა შემოქმედი განგებ იუჩინარებს თავს, „იგნორირებას“ ახდენს პირადობისა და გამძლე ძაფზე მარჯვედ ასხმული კრიალოსანივით თვალ-გულის მიმზიდველი მოთხრობის მთხზველობას სხვა, ღრმა სიბერის სამანებს მიჯრილ, ცხოვრების მუქ-ნათელ ლაბირინთებში გამოვლილ ადამიანებს მიაწერს...

ცრემლებით მიწაში ჩაღვრილი სამი დობილი სოკო, დღემუდამ სტუმარი რომ ენატრებათ, რაჭის ერთი მყუდრო სოფლის მკვიდრნი არიან; სულიერთა დარად წუხან და ხარობენ, ფიქრობენ, განიცდიან, იცქირებიან და მეტყველებენ. მათი არსებობა, სისავსე და სიჯანსაღე დამოკიდებულია მუხაზე, რომელიც, გამომდინარე კაცისძეთა პრაგმატული ინტერესებიდან, ზამთარში იჭრება, იმორება, სითბოდ იქცევა, ხოლო მის ძირზე, მის გადანაჭერზე, მზე საგაზაფხულოდ რომ წამოიმაღლებს, ათეულობით ახალი ყლორტი ჩნდება...

სიკვდილ-სიცოცხლის დიალექტიკა თავის უცვალებელ წესსა და კანონს ემორჩილება; ერთი კვდება და სხვა იბადება; უკვალოდ არაფერი ქრება, არაფერი იკარგება... ასეა ემპირიულ ყოფაში, ასევეა ზღაპრულ ეპოსში...

ზღაპარი ხომ ცხოვრების ანარეკლია, ამასთან, დესაკრალიზებული მითია, რომელიც ადამიანის პირველყოფილ რწმენა-წარმოდგენათა წიაღში იღებს სათავეს და დღევანდლამდე არსებობს, როგორც სამყაროს მოდიფიცირებული სურათი...

ამქვეყნად ყოფნით ხალისობენ ფუტკრები ფიფი და ფუნთო, ჭიანჭველა ჭოჭრომელი, პეპელა პეპლათარი და გვირილა გვიმარისი, ბაჭია თათინა და დედაკურდღელი (ბუხარს რომ მიაფიცხებს ხოლმე თავის ცრემლსა და დარდს), გულხატულა ჭიამაია, კოდალა კოკნარეკია და დათვი ბებლო, გოჭები ციფციბა და წიფციფა, დედაღორი ქეთუთა, სხივები – ცისია და ნამისია...

თვითეული მათგანი ავტორის შემოქმედებითი წარმოსახვის ნაყოფია. ორეულები, რასაკვირველია, მოეძევებათ, მაგრამ, რაც მთავარია, იუნჯებენ და ინარჩუნებენ იმ „სახასიათო“ შტრიხებს, ნიშნებსა და ნაჭდევებს, რაც მათ ხანიერობას და შესაბამისი ასაკის მკითხველ-მსმენელსთა შორის ინტენსიური მიმოქცევის პერსპექტივას განაპირობებს.

თხრობა ხანდახან კლასიკური სიცხადის ხალხური ზღაპრის სტრუქტურულ კანონებს „ეურჩება“, არღვევს, არ ემორჩილება და ქმნის სეხიერ სინამდვილეს, რომლის ინტერიერში არაორაზროვნად ისმის თვით ავტორის შორს დარჩენილი სიყმაწვილის უდარდელი დღეების განუმეორებელი სიმფონია („კაკალო“).

„შავტუხა“ ბიჭის საზაფხულო სოფლური თავგადასავლები და ბაბუა-ბებიის გარემოცვაში მოსმენილი კილოკავური მეტყველება („– თქვი, აწი, რომანია, ბებია, რაი გააფუჭა ჩემმა ბაღანამ, კიდო თუთუნი მოპარა ლაფიერა ბრუციანს თუ ისევლე ბუნდღა დააპუტა დუსიელეს ბატებს?..“) ის ნოყიერი ნიადაგი და საციცოცხლო ელექსირია, ბევრ ჩვენგანს რომ მიუღია, გამოუცდია და სწორ ორიენტირად გამოუყენებია წაღმა-უკუღმა მბრუნავი ტიალი საწუთროს ვრცელ გზა-სავალზე...

ხალხურ ხმიერებასთან მიახლოება, უფრო ზუსტად და კონკრეტულად, ხალხურობა, არც მონდომებით და არც შრომა-მეცადინეობით არ მოიხელთება. ასეთად დაბადებული უნდა იყო. გენეტიკურად უნდა მოგვდგამდეს ხალხური სიტყვისა თუ ინტონაციის შენეულობის, მშობლიურობის განცდა. უმისოდ უქმი და ამაო იქნება ყოველგვარი ცდა და წადილი დამაჯერებლობის, სისადავის, სპონტანური უშუალობის მიღწევისა...

ბონდო მაცაბერიძე ხალხური შელოცვების წაბაძვით ქმნის ტექსტს, რომელიც სავსებით ორგანულად, მყარად და ხალვათად ჯდება კონტექსტში და გვამახსოვრდება, როგორც ყალბი ჟღერადობისგან აბსოლიტურად, თავისუფალი, იოლად აღსაქმელი და დასასწავლი პოეტური ნიმუში:

ესაო, მესაო, მშვიდი ძილი მზესაო,

ეშმაკუნა ჭი-ჭინკებო, გადიკარგეთ ბნელსაო,

ძილი უნდა ჩემს ბაღანას,

ნუ აშინებთ ბევრსაო...

ქვეყანა დიდია.

გზები – დაუსრულებელი და მრავალნაირი...

მათ მაღლიდან, „ცის აივნიდან“, ცხრათვალა, ცეცხლოვანი მზე დაჰყურებს, ათბობს და ანათებს.

მზის სხივები, ბ.მაცაბერიძის ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, საღამოს დედის ირგვლივ მოიყრიან თავს, ჩამოსხდებიან და ყვებიან, ვინ სად იმოგზაურა და დღის განმავლობაში რა ნახა.

მეტამორფოზის სასწაულებრივი უნარით აღჭურვილი საგნების ჰუმანური, ქველმოქმედებითი ბუნება საზღაპრო ეპოსის ერთი უმნიშვნელოვანესი წახნაგთაგანია...

მთავარი გმირის დამხმარე ძალებს შორის ასპარეზზე ჩნდებიან დროებით მივიწყებული. მოფარებულში მიყრილი საოჯახო ნივთები თუ საგნები, რომელთა უმთავრეს ფუნქციას, სიუჟეტურ დატვირთვასა და სიტუაციურ დანიშნულებას ხიფათიანი თავგადასავლებისთვის გამეტებული პერსონაჟის შველა და შემწეობა შეადგენს.

ასეთი უკეთილშობილესი მისიით სულჩადგმული და ამეტყველებული საგანი გახლავთ სპილენძის თუნგი, ერთ მშვენიერ დღეს მტვრიანი სარდაფიდან გარეთ რომ გამოაღწევს, გამოყოჩაღდება და სოფელ-ქვეყნის მკვიდრთ, პაპანაქებით გულშეღონებულ სულიერთ, მხსნელად მოევლინება, „ცოტაოდენ წყალს თვალსაც დავალევინებ და მწყურვალსაცაო“, – იტყვის და შეუდგება მერეხმონატრებულ, ხახაგამშრალ არსთა, ღვთის ნაქმნთა და ნაშიერთა, უშურველ დარწყულებას...

2006 წელს „ბაკმის“ მიერ გამოცემულ სამწიგნეულში გაერთიანებულ ზღაპრებს ლაიტმოტივად გასდევს ბნელსა და ბოროტზე, ხთონურსა და მიწრიელზე სიკეთის, სინათლის, დიდსულოვნების გამარჯვების რწმენა.

ეს ძირეული ხაზი, ფუნდამენტური გეზი და საწყისი განსაზღვრავს ბონდო მაცაბერიძის იმ ნაწარმოებებსაც, მცირე ფორმატის ლამაზად გაფორმებულ კრებულებში რომ ვერ ჰპოვეს ადგილი.

ერთი ამგვარ ნაწარმოებთაგანია „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“, გამოქვეყნებული გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ორ ნომერში (21,28.04.2007).

წელიწადის დროთა ცვლას ცქნაფა ბექნა ბიჭის ტყე-ღრეში ხეტიალი დართვია. თავის ერთგულ ცხენთან ერთად დევის საძებრად აღმა-დაღმა მავალს ბევრი რამ გადახდება თავს... სოფლად ყველას საკუთარი საქმე და საწუხარი გასჩენია. მენახირე, მთიბავი, მეთევზე თუ მეწისქვილე თავ-თავიანთ საზრუნავს მისცემიან და ჩაჰბეჯითებიან, ხოლო ბექნა კაცთა მოდგმის სამტროდ გაჩენილ ავყია მტაცებლის მიგნებისა და მონადირების ჟინს შეუპყრია... ბოლოს ყველაფერი იმით თავდება, რომ დევი თოფმომარჯვებულ ბექნას სახლში ეწვევა და გაზაფხულამდე თავისი შვილის – დევიკუნას – დატოვებას და სწორ გზაზე დაყენებას სთხოვს. სანაცვლოდ ჰპირდება, აპრილის დამლევს მთაში რომ ამომიყვან, „ისეთ არჩვებზე განადირო, რო...“

დევთან ადამიანის დაძმობილების ფოლკლორულ ვარიაციებს მიემატა კიდევ ერთი, რომელშიაც ნაცვალგების აუცილებლობაზე უარის თქმის, შერიგების და ურთიერთდანდობის ზოგადსაკაცობრიო მოტივი დომინირებს... ხოლო მკითხველში თავისთავად ღვივდება მოლოდინი ამ მოტივის შემდგომი გაშლა-განავრცობისა და გაღრმავებისა...

. . . . . . . .

ბონდო მაცაბერიძის ძილის წინ საკითხავი თუ მოსასმენი ზღაპრების ენა ზომიერად მხატვრული, მიმზიდველი, ძველქართული ლექსიკური ერთეულებითა და დიალექტური ფორმებით გაღონიერებული და, ამასთან, ოდნავ სტილიზებულია, სიტყვათქმნადობით და ნოვაციების ძიებით ნიშანდებული, რაც, ცოტა არ იყოს, ყურადღების დანაწევრებას იწვევს და ტექსტის სიუჟეტურ ხვეულებში წვდომას აფერხებს...

რაც მთავარია, ხელთ გვაქვს თანამედროვე ლიტერატურული ზღაპრის რამდენიმე საგულისხმო ნიმუში. მათი დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა თუ მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულება ეჭვს არ იწვევს...

კაცი, ვინც ჩვენს აჭრილ, კრიტერიუმებაღრეულ, უაღრესად პრაგმატულ დრო-ხანში ყმაწვილების სულის სარჩო-საბადებლის გადარჩენასა და მატებაზე ფიქრობს და თავისი წონადი საგამომცემლო საქმიანობის ლომის წილსაც ამ უსათუთეს სფეროში დებს, გულითადი მადლობის ღირსია!

თემურ შავლაძე

ზღაპარი სიმფონია

(წინათქმა გამოცემიდამ – „ზღაპრები სამ წიგნად“ – გამომცემლობა „ბაკმი“ – 2006)

ზღაპარი არ არის მარტო–ოდენ ამბავი, შინაარსი; ის, პირველ რიგში, არის ქვე–ტექსტი რეალობისა, სინამდვილისა, მეტიც – წარმოსახული და სასურველი სინამდვილისა; მაგრამ, რეალურად არ არსებობს ამგვარი და ასეთი (თუნდაც სასურველი!) სინამდვილე. ის, მხოლოდ, ოცნების სფეროა. სფერო კი – წარმოსახვითი დედამიწაა! ამიტომ, ის, რაც ან რაზეც მოგვითხრობენ, გვიამბობენ, გვიყვებიან, შესაძლოა მოხდეს ყველგან და არსად, ყოველ წამს ან არასოდეს. ამიტომ ზღაპრის მთავარი ორიენტირი, მაჩვენებელი – შუქურა – დრო და სივრცეა და ამ სივრცეში ოცნება – სინამდვილის შერწყმა–სინთეზი; არა აქვს მნიშვნელობა ზღაპარი (მოცულობით!) დიდია თუ მცირე, მთავარია სათქმელი, ენობრივი საუნჯე და კიდევ... სათქმელი. იქნებ სჯობდეს ამ აზრით და ამ განწყობით შევაბიჯოთ ამ წიგნის დროსა და სივრცეში.

ბონდო მაცაბერიძის ზღაპრული სამყარო – ეს არის ერთგვარი მხატვრულ–გამომსახველობითი სააზროვნო სივრცე, ერთგვარი ხატსახეობრივი–სახისმეტყველებითი სააზროვნო სისტემა, მოცემულობა, ერთგვარი სიტყვიერებითი – ფერადოვანი გამა – მეტყველებისა, უფრო სწორად, სახისმეტყველებითი სიტყვიერებისა, რადგან სწორედ ამგვარ ახლადქმნილ სიტყვიერ ფენომენს შევყავართ მისი მხატვრულ–სულიერი გაზღაპრებული სამყაროს ლაბირინთებში, რომლის მთავარი ამოსავალი პრინციპია სიკეთე. თუმცაღა, რა გასაკვირია, ყველა ზღაპარი სიკეთის მღაღადებელია, მისი მსახური და ბოროტების მძლეველი, საბოლოო ჯამში – დამთგრუნველი; ეს, ყოველივე, არახალია, ძველია! ბონდო მაცაბერიძის ზღაპარი – ეს არ არის ზღაპარი – ჩვეულებრივი ზღაპარი – ჩვეულებრივი გაგებით; ეს არის ზღაპრადქმნილი. ამ სახე–ჩარჩოთი მოაზრებული ერთგვარი პოეტური ნოველა, რომელიც ერთნაირად საინტერესოა (და აუცილებელი!) როგორც ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ასევე მოზრდილთათვის და დიდებისთვისაც. ერთი სიტყვით, ყველასთვის, ვისაც შეუძლია მხატვრული აღქმა–აზროვნება, უფრო სწორად, სამყაროს მხატვრულ–ესთეტიკური წვდომა–გააზრება. რა თქმა უნდა, დღეს, ზღაპრად (ზღაპართან!) დასვა ბავშვი, უფრო სწორად – ბავშვთან მშობელი, რომელმაც უნდა წაუკითხოს ზღაპარი, დააინტერესოს და ამავდროულად აღაგზნოს პატარას მხატვრული ფანტაზია, არც ისე იოლია კომპიუტერის ეპოქაში, მითუმეტეს, როდესაც დღეს ასე მძაფრადაა (თუნდაც მარტო მულტფილმებით!) გაჯერებული და გადავსებული პლანეტარული ტელე–სივრცე, ამ ზღაპარ–ნოველებშიც, შესავალი, დასაწყისი, არ არის ჩვეულებრივი, როგორსაც მიჩვეულია ჩვენი „ზღაპრის–ყური“, გნებავთ ზრაპრის „გულის–ყური“. ერთგვარ ბეწვის ხიდზეც კი გადის ავტორი, თითქოს „მიზანი ამართლებს საშუალებას“, მაგრამ ეს ისე ბუნებრივად ხდება, ისე აუჩქარებლად, ისე მშვიდად, უდრტვინველად, ისე ჩაიკითხავ ზღაპარს თუ ნოველას, რომ მერეღა ხვდები, წვდები, ავტორისეული ჩანაფიქრის ხერხს (საიდუმლოებას) – გახაროს სიახლე, რომ შენ მარტო ზღაპარს კი არ კითხულობ, კითხულობ და ეზიარები უმშვენიერეს ქართულ ენას, ახლადქმნილს ავტორის მიერ, ეცნობი დახვეწილ ქართულ მეტყველებას, ავტორისეულ თავისებურ წერის სტილს და აცნობიერებ, რომ ბავშვი თავიდანვე უნდა მიაახლო და აზიარო ამგვარ საზრიან ქართულს, რომ მერე გვიანი არ იყოს თავში ცემანი. მეტიც, სიკეთის მსახურება, თურმე, პირველ რიგში, ენის მსახურებიდან იწყება – სიყრმიდანვე. ეს ზღაპარ–ნოველები, თავიდანვე, სწორ გზაზე ამკვიდრებს ბავშვებსაც და მათ ახალგაზრდა მშობლებსაც, რადგან აქ იმდენი სიკეთეა, შეგონება, მიმტევებლობა და ყოველივე ეს ისეა შეზავებული ცხოვრებისეულ ხედვა–სიბრძნესთან, რომ დიდებიც სრულფასოვნდებიან პატარებთან მიმართებაში, იქნებ ხელახლაც კი აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ თავსა თუ ბავშვობას. აქვე, შესაძლოა წარმოვადგინოთ მთელი ლექსიკონი – სიმფონია ახლად ქმნილი სიტყვებისა, ზოგადად სიტყვიერებისა, მაგრამ უმჯობესია თვითონ თქვენ აღმოაჩინოთ და მხარტვრულად განჭვრიტოთ თითოეული სიტყვის არსი და მნიშვნელობა, უფრო მეტიც, ხიბლი და სიმდიდრე ქართული ენისა, სიტყვისა საერთოდ. ან განა ბევრ მეზღაპრეს უთქვამს ამგვარად: „მუცელში ნაგუბარმა წყალმა ხელები გაასავსავაო“. გსმენიათ სხვისგან? და კიდევ, ბონდო მაცაბერიძე ქმნის ზღაპარ–ნოველის იმგვარ სახეხატს, რომელიც „ჰარმონიას მისი ხმების“ –სას (აკაკი) ამყარებს თანამედროვე მკითხველთან, თანაც ისე და იმდაგვარად, რომ ყველგან თან გვახლდეს და თავს გვახსენებდეს „ჩვენი ენა ქართულის“ მშვენიერება, უზენაესობა და უპირველესობა – ჩვენთვის, ქართველთათვის – რომ ასეთი ენის პატრონი, სწორედ ენით არ უნდა გავსხვისდეთ. არადა, ანდა მეტი რა უნდა გითხრას და გაგრძნობინოს ზღაპარმეტყველმა და ზღაპრის ენაზე მოსაუბრე მწერალმა, მითუმეტეს, დღეს. არადა, მოვყვეთ ზღაპრები და გავაანალიზოთ პერსონაჟები? არა, არა! ეს ხომ მართლაც ზედმეტი და მეტისმეტი იქნებოდა. ჩვენ ხომ უბრალოდ ჩვენს შთაბეჭდილებაზე ვსაუბრობთ, თანაც ნაუცბათევად, „ცხელ გულზე“, თორემ, თუ დავახანეთ და „დავაღვინეთ“, ბონდო მაცაბერიძეს უკვე სხვა ზღაპრები და წიგნი ექნება მომზადებული ახალი და ახალი მკითხველისათვის. მე, პირადად, ამ შემთხვევაში, წიგნის შესავალი კარისკენ მიგიძღვებით, თანაც თავად მეფრთხილება არ წავიფორთხილო, არ წავიბორძიკო, რადგან, აქ, მისეულ სამყაროში, იმგვარი ყვავილოვანი სიტყვებია, ისეთი – ჯეჯილივით მობიბინე–მოხასხასე სიკეთე, იმდენი საინტერესო მოქმედი პირი–პერსონაჟი, ადამიანისა თუ ბუნების ფსიქოლოგიის იმგვარი ცოდნა–აღქმა–გადმოცემა და თანაც იმგვარი შემოთავაზება, რომ მართლაც ვფრთხილობ უნებურად არ დავარღვიო ეს ჰარმონია–იდილია. რასაც ვამბობ, ნამდვილად არ ვაჭარბებ, უფრო პირიქით; არადა, თავადაც ხომ დარწმუნდები, როდესაც ბოლომდე წაიკითხავ წიგნს, მკითხველო – ყრმავ, ჭაბუკო თუ ხანში შესულო–ხანსმიწევნილო კეთილო მოყვასო. არადა, ეჭვიც არ მეპარება, სწორედ ეს წიგნი მოგგვრით შვებას, რადგან ეს ზღაპრები თქვენ არ გატყუებთ, სიმართლეს გეუბნებათ, მართლად გიყვებათ ამბავს; მეტიც, გვაკეთილშობილებს, გვმოძღვრავს, გვიბიძგებს – ვიქმნეთ უკეთესნი, ვიდრე ვართ სინამდვილეში... და, რაც მთავარია, განგვაწყობს სააზროვნოდ, თავად გვთხოვს მონაწილეობას, ამა თუ იმ ამბის მსვლელობა–მდინარებაში, თხრობის გაგრძელება–დასრულებაში და ჩვენდაუნებურად კალმისკენ წაგვაწვდევინებს ხელს, ნებსი–უნებლიეთ მწერლად აღგვანთებს. მწერალი კი – ნამდვილი მწერალი – ღვთის მსახურია, ნამდვილი მწერლობა კი – ღვთისმსახურებაა. ჰოდა, ბავშვობიდანვე ღვთისმსახურებისაკენ გვიბიძგებს მწერალი –ანუ მარადიული სიკეთისაკენ. ამ გზაზე შემდგარი ბავშვი ხომ სიავეს არასოდეს არ ჩაიდენს, ყოველ შემთხვევაში, დაფიქრდება მაინც სიკეთესა და სიავეზე ანუ სიკეთისა და ბოროტების არსზე. დღეს, მეტი რაღა იტვირთოს და შეიძლოს მწერალმა?! და კიდევ: სრული გულწრფელობით ვამბობ: მე, პირადად, იშვიათად შემხვედრია ისეთი სევდიანად თბილი – მართლაც საბავშვო მოთხრობა, როგორიცაა „კაკალო“. ერთმანეთში ლაღად მოსაუბრე ბიჭი და თხა – კაკალო. როგორი უშუალო სულიერი განცდა–წვდომაა ბავშვის ფსიქიკა–ფსიქოლოგიისა, როგორი დამაჯერებელი დიალოგი–მეტყველება, დაბოლოს, იშვიათად სევდიანი და ცრემლიანი ფინალი და, ამავე დროს, ბავშვურ–ბიჭური ღირსების აღზევება. არა, არც ამბის თხრობა, ანალიზია საჭირო, ის უნდა წაიკითხო და თავად აღიქვა ისე, როგორც მწერალს ჩაუფიქრებია. და ამაშიც ხომ თავად მწერალი გვეხმარება, უშუალოდ, უბრალოდ. ამგვარი თუ ამდაგვარი ბებიებიც არც თუ იშვიათად შეგვხვედრია – ცხოვრებაშიც და წიგნებშიც, მაგრამ „კაკალოს“ ბებია მაინც რაღაც განსაკუთრებული თვისება–ხასიათით გამოირჩევა, და ამის შესახებ თავად თქვენ უნდა იმსჯელოდ და იანალიზოთ, წამკითხველნო. და მერე თქვენი აზრი წერილობით მოახსენოთ მწერალს. ამგვარი მეტყველი და სევდისმომგვრელი თხაც, გულმართლად ვთქვათ, ჯერ ხომ არ შეგხვედრიათ არსად და არასდროს; აბა, ვიყოთ მართლა გულწრფელნი და ვაღიაროთ, შეგხვედრიათ კი ასეთი მოანკარე–მონაკადულე ქართულით დაწერილი მოთხრობა, სადაც ყოველი სიტყვა მთის წმინდა ნიავივით გელამუნებათ, თავს გამახსოვრებთ და გასიამტკბილებთ? გულწრფელად თქვით, გამოტყდით, ნუ გერიდებათ, მართლაც ხომ იშვიათად გიგრძვნიათ სიტყვიერების ამგვარი ხიბლი და მიზიდულობა–მიმზიდველობა. არადა, ჩვენ ხომ არც არავის ვადარებთ ამ მოთხრობას, არც ვინმეზე უკეთესობას ვჩემობთ, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ, დღემდე დაწერილთაგან, ერთ–ერთი საუკეთესოა... თავადაც ხომ რწმუნდებით. არა, ჩვენ ნამდვილად არ ვჭერმეტყველობთ. კიდევ რა შეიძლება ითქვას? რა ვიცი, ბევრი, ალბათ, ძალიან ბევრი. მაგრამ, აქვე, მეც მწერლისეულ–მხატვრულ „ეშმაკობას“ მივმართავ, თქვენც იფიქრეთ, იღვაწეთ და დაასრულეთ ავტორისეული სათქმელი, თუნდაც ჩემეული. მე, პირადად, ძალზედ კმაყოფილი ვიქნები და დაგრჩებით დიდად მადლიერიც. დაბოლოს, დავეწაფოთ ამ ტკბილ ქართულს – ერთად! მერწმუნეთ, მენდეთ...

თემურ შავლაძე

ზღაპრითმეტყველი

(ლიტერატურული ესსე)

სიმართლე რომ ითქვას, იქნებ არ(ც) არსებობს დიდი და პატარა მწერალი (ან ვის რაში ან რატომ დასჭირდა ამგვარი დახარისხება?), უბრალოდ, (მართლა!) არსებობს კარგი მწერალი, რომელსაც მკითხველი ენდობა, ეყრდნობა და თანაზიარი ხდება მისი სააზროვნო სისტემისა, სამყაროსი, აზრთა წყობისა თუ ფიქრთა მდინარებისა. ადამიანი არც-თუ ისე დიდხანს ცხოვრობს, როგორც მას წარმოუდგენია თუ სინამდვილეში ესახება. წელთა მატებასა და დღეთა ხვავრიელობასთან ერთად (თანდათან!) რწმუნდება, რომ, თურმე, ყოველივე ილუზიაა, მირაჟია („სიზმარია და ჩმახია”), ზღაპარია და სიზმარცხადი – თვალხილული სიზმარი. მაგრამ დღეს ზღაპრებს იშვიათადღა თუ წერენ გამორჩეულად ერთეულნი (რადგან, ზღაპრის ეპოქა დასრულდა!), მართლაც ერთეულნი თუ შეჰბედავენ ამ მაცდურ და პირადი ცხოვრებისათვის უმადურ საქმეს (მოცლილი ხომ არა ხარ, რა გეზღაპრება?!), რადგან ხალხი თავად დამსგავსებია (სამწუხაროდ, უარყოფითად!) ზღაპრის გმირებს, გადმოსულან ზღაპრებიდან, გადმოსახლებულან, გადმოსართულებულან რეალობაში და არათუ არ ინდობენ ერთმანეთს, გველვეშაპის ცეცხლოვანი პირითა და ჯავშნოსან-გვარზლიანი ტანით ჩასანთქმელად სწირავენ ყოველივეს. არავითარი დანდობა და შებრალება. ზღაპრებში თითო-ოროლა გველვეშაპი თუ ბოგინობს (წაიბოგინებს!), აქ კი – დღეს – ვინ უწყის რამდენია და თანაც აურაცხელ-უთვალავი. დიახ, რეალობა ძალზედ მკაცრია, სარკასტულ-ცინიკური და შემზარავი, არაიდილიური და არაზღაპრული, რადგან ზღაპრის ჩასახვისა და წარმოქმნის საწყისი სახე (ფორმა) მაინც იდილიურობაა, სიმშვიდე და ფანტაზიისთვის განწყობა. დღეს კი, მთელს პლანეტაზე – ერთეულნი – ზღაპრის მეფეებზე ბევრად ზღაპრულად ცხოვრობენ, მეტიც, ყოველგვარ ფანტაზია-ოცნება-წარმოსახვაზე ფანტასტიკურად კარგად და აღმატებულად გამოიყურებიან. თითქოს ზღაპარმაც დაჰკარგა ზღაპრულობის ელფერი და დაასრულა სამოღვაწეო ასპარეზი. თითქოს რაც დასაწერი იყო დაიწერა, შესაქმნელ-შესათხზველი შეითხზა, წასაკითხი წაიკითხა და ა.შ. მფრინავი ხალიჩა – თვითმფრინავია, სარკე – ტელევიზორი, ხოლო რაც ზღაპრებშიც კი არ უოცნებია თვით ყველაზე დიდ და ჯიუტ მეოცნებესაც კი – მობილური ტელეფონია. მაგრამ, როგორც იტყვიან, დრონი მეფობენ და არა მეფენიო. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა დროს თავისი მეზღაპრე ჰყავს ან აუცილებლად უნდა ჰყავდეს. ჩვენს დროსა და ქართველობას ასეთი მეზღაპრე მართლაც ჰყავს ბონდო მაცაბერიძის სახით. მაგრამ გააჩნია მეზღაპრესაც და მის ზღაპარსაც. ჩვენ, პირადად, ბონდო მაცაბერიძის შემოქმედებას ორი წერილი (საკმაო მოცულობის!) მივუძღვენით, ,,ჩვენი კეთილი ანდერსენი” („ლიტერატურული საქართველო” #11, 2004წ) და წინასიტყვაობა სამწიგნეულისა ,,ზღაპარი სიმფონია” (ბაკმი, 2006წ). ორივე წერილში სხვადასხვა თვალთახედვით ვიხილავდით მისი ზღაპრის – როგორც ტექსტისა და მოცემულობის – მხატვრულ სამყაროს, გარკვეულწილად ზღაპრის, როგორც ფენომენის, მისეულ ფსიქოლოგიაზეც მივანიშნებდით. მაგრამ ერთია ფსიქოლოგიური ზემოქმედება ზღაპრისა მკითხველზე (ან პირიქით!) და მეორე – ენობრივი და აზრობრივი სტრუქტურა თავად ტექსტებისა, როგორც სააზროვნებო-სივრცობრივი განფენილობებისა, რადგან სწორედ ეს სივრცეა წინ წამოწეული და გაფენომენებული; დიახ, გაფენომენებული! ეს ფენომენი, შესაძლოა, ასეც დავყოთ და დავახარისხოთ: სიტყვის სტრუქტურა, წინადადების სტრუქტურა, ფაბულის (ამბავის) სტრუქტურა, თხრობა-გადმოცემისა და, ყოველივე ზემოჩამონათვალიდან გამომდინარე – აზროვნების სტრუქტურა, ზოგადად. ბონდო მაცაბერიძე სრულიად ახალ სიტყვიერ ფენომენსა და ლექსიკურ აზროვნებას ქმნის ზღაპრის იდეური და მხატვრული შინაარსის გასამკვეთრებლად, დროის, როგორც წარმოსახვითი ხატის უფრო მარტივი სახით შესამეცნებლად. დრო ზღაპარში – ,,იყო და არა იყო რა” – უკვე იმგვარი ხელშეუხებელი და შეუვალი სახისმეტყველებრივი მხატვრული სახე-სიმბოლიკაა, რომელიც არათუ გადასინჯვას, თვით ოდნავ გადახვევა-გადასხვაფერებასაც კი არ ექვემდებარება, რადგან მკითხველი (განსაკუთრებით ჩვენი, ქართველი!) ზღაპარს სწორედ ამ დასაწყისით ჭვრეტს და აფასებს, ასე და ამგვარად განიცდის. ეს უკვე მკაცრად დაკანონებული აზრობრივ-ფსიქოლოგიური სტერეოტიპია, რომლის ოდნავი შეცვლაც კი, არათუ უარყოფა, მკრეხელობის ტოლფასად აღიქმება და იგი, უკვე, განწყობის თეორიის კუთვნილებაა. ამგვარი დასაწყისის უარყოფა, სინამდვილეში, მართლაც რომ ზღაპრისეულ ,,ბეწვის ხიდზე” სიარულს ჰგავს და, შეიძლება ითქვას, საბედისწეროცაა – გაამართლებს კი ეს ნაბიჯი, ან როგორ მიიღებს შენს ნაწერს მკითხველი? დიახ, მკითხველი (გენდობა კი? დაგიჯერებს?), რადგან ზღაპარი ხომ ტრადიციულად ზეპირსიტყვიერებითი (ზეპირად თხზვა-ქმნა-გადმოცემა!) ფენომენია. იგი ხომ ცივი თოვლიანი ზამთრისა და თბილი ბუხრის წარმოსახვითი სახე-მოდელია, ცეცხლის ალთან მომთენთავი მშვიდი მყუდროებისა და ტკბილი ძილის (ჩათვლემა-ჩაძინების!) საუფლო. ბონდო მაცაბერიძე ამ მეტად მტკივნეულ და ,,საჩოთირო” საკითხსაც – ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც – მართლაც რომ უმტკივნეულოდ აგვარებს: დასაწყისშივე, დასაწყისითვე ქმნის ზღაპრის შინაარსის გამამართლებელ ფსიქოლოგიურ განწყობას, ცვლის ზღაპრის დასაწყისის კანონიკეს და მხოლოდ მისეულ, დღემდე სრულიად ახალ ზღაპრისეულ დასაწყისს გვთავაზობს – ,,არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ ცისა და ამ ბარისი”. ამგვარი ზღაპრულ-გამხატვრულებული ხერხით თითქოს არღვევს და არც არღვევს სტერეოტიპს, თამაშ-თამაშით გიღებს ზღაპრისეული სამყაროს კარს და მართლაც ზღაპრისეული ჩვეული გულუბრყვილობით შეგიძღვება მასში, როგორც მეგზური, იმ სამყაროში კი მართლაც ისვენებ და უნჯდები, იხიბლები სიტყვიერებითი სიუხვითა და მრავალფეროვნებით. ერთგვარი გაოცებაც (კი!) გიპყრობს: სჭირდება კი ბავშვს, მოზარდს, ყმაწვილს ასეთი და ამგვარი აზრობრივ-ნიუანსობრივი სიტყვა-შეთანხმებანი, გნებავთ სიტყვა-მოდელები? მაგრამ, საბოლოოდ რწმუნდები, რომ სწორედ ამგვარი სიტყვა-სახეობანი ქმნის მისი თხრობის სტილს, გამოკვეთს ენობრივ ფენომენსა და სააზროვნებო-სივრცობრივ სისტემას. მომავალში, ალბათ, დაინტერესებული მკვლევარი უფრო სრულად და გამოწვლილვით წარმოაჩენს მის მწერლურ ფენომენსა და მნიშვნელოვანებას. დაველოდოთ.

P.შ. (სახასიათო პორტრეტისათვის): ბონდო მაცაბერიძეს, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .როგორც კონკრეტულ პირ/divოვნებას, სულ რაღაც ათიოდე წლის წინ შევხვდი და, ბუნებრივია, იგი ვერც ჩემი მეგობარი იქნებოდა და არც ახლობელი. როგორც მწერალსა და გამომცემელზე კი მეც მქონდა ჩემეული წარმოდგენა თუ შთაბეჭდილება. პიროვნულად, იგი ცნობილმა ლიტერატორმა რუსუდან მოსიძემ და პოეტმა მარიამ წიკლაურმა გამაცნეს, რომელიც იმჟამად მასთან მსხურობდა გამომცემლობა ,,ბაკმში”. მოიტანე შენი ლექსები, წიგნი ჩვენთან მოვამზადოთო, ბონდო მაცაბერიძე უანგარო ადამიანია, ალალად დაგეხმარებაო. ვჭოჭმანობდი, არ მჯეროდა ,,საგამომცემლო” უანგარობისა. თურმე ვცდებოდი. წიგნი – ,,შავრაძოვანი” – მართლაც უანგაროდ გამოვიდა სამზეოზე, ოღონდ სხვა გამომცემლობის ეგიდით. ასეთივე უანგარობით მას არაერთი მწერლის წიგნი გამოუცია... და როგორც ვიცი, არც სამაგიერო მოუთხოვია. ან რატომ მოითხოვდა, ან ვის მოსთხოვდა, მწერალი მწერალს? და მიუხედავად ამისა, იგი შეიძლება ბევრს არც ეთვალგულება, როგორც ერთი შეხედვით მკაცრი, პირქუში თუ მქუფრი პიროვნება. ისე კი, ჩვენ, ქართველებს, განურჩევლად პროფესიისა (ან სადღაა პროფესია?!), ,,ესე სენი გვჭირს”: ავქარდებით, ავბუქდებით, აღვბორგდებით თუ ავქარიშხლდებით და სიტყვაკაზმულობის იმგვარ ქარბორბალას დავატრიალებთ (ჩვენდაუნებურად!!!), რომ თავადაც აგვერევა ხოლმე ჭეშმარიტების ჟამკარი. თუმცა ნახევარ საუკუნეს მიღწეულ კაცს (ბონდო მაცაბერიძეს!) ბევრი რამ აღარც აოცებს, მაინც, გააჩნია ვინ უკმევს ხოლმე გუნდრუკსა თუ საკმეველს. მე მაინც მგონია, რომ ბონდო მაცაბერიძემ, მიუხედავად (ჩვენი ქართველური ხასიათიდან გამომდინარე!) ერთგვარი აღიარება-აუღიარებლობისა, მკვეთრად მონიშნული საკუთარი კვალი დაამჩნია ქართულ მწერლობას. კერძოდ, შექმნა ქართული ლიტერატურული ზღაპარი – სტილ ით, შინაარსით, საკუთარი (მხოლოდ მისეული!) სიტყვაკაზმულობითი ხელოვანებითა და ფონემატიკური ფსიქოლოგიზმით. ფსიქოლოგიზმი (როგორც ადრეც აღვნიშნეთ), ამ შემთხვევაში, მართლაც რომ არ არის შემთხვევითი. მისი ზღაპრულ-სამყაროსეული ,,სიტყვის კონა” წარმოთქმული და წარმოსათქმელი სიტყვიერი არსის, ფრაზისა თუ წინადადების ფსიქოლოგიური მახასიათებელია, ერთგვარი ფსიქოლოგიური მეტაფორისტიკაა, რომელიც ბავშვის, ყმაწვილისა თუ ზრდასრული პიროვნების სულიერებით ამაღლებას ეწინაპირობება, ემსახურება ზოგადად. მისი ნებისმიერი ზღაპარი (აღარას ვამბობთ მოთხრობაზე ,,კაკალო”) ქვეტექსტებით კი არა, უფრო ზე-ტექსებითაა ნასაზრდოები, სათნოებითი და კეთილშობილებითი სიმბოლიკით დასაზღვრული. ჩვენს დღევანდელ ნიჰილისტურ საზოგადოებაში მწერალს ბევრი რამ აკლია. ამას კიდევ გაუძლებს კაცი, მაგრამ აზროვნებამაც რომ დაჰკარგა აზრი, ამის გაცნობიერება მართლაც რომ კატასტროფულად შემზარავია და დამთრგუნველი. მაშინ ვისთვისღა წეროს მწერალმა, თუკი აზროვნებას აზრი და ფასი აქვს დაკარგული, მითუმეტეს თხზას და წეროს ზღაპარი... ვისთვისღა შეიქმნას, მხოლოდ ბავშვებისთვის? დიახ, ბავშვებისთვის და ჯერ კიდევ დარჩენილ-შემორჩენილი ბავშვებისთვის – დიდი ბავშვებისთვის – რომელთა სახელი მწერლებად და მწერლობის მსახურად შეიძლება მოინათლოს. ამ მართლაც გამომყენებლობით და აზროვნებადაქვეითებულ დროში, როდესაც მომხვეჭელთა მთელი ლეგიონები დათარეშობენ, ბონდო მაცაბერიძე წერს ზღაპარს, რათა გადაარჩინოს ადამიანთა სულები, გააცნობიერებინოს სიტყვის არსი (ჯერ მშობელს და შემდეგ) ბავშვს, ასწავლოს მოზარდს რაა სიკეთე და როგორ ჩააყენოს ბოროტება სიკეთის სამსახურში. ერთი მწერლისათვის ეს არც ბევრია და არც-თუ ცოტა. ორმოცდაათი წელიწადიც ასეა – არც ბევრია და არც ცოტა. ის კი წერს, რადგან მწერალია და სხვანაირად არ(ც) ძალუძს. დიდი ხანი და დიდი გაძლება მიუბოძოს უფალმა, რადგან დღევანდელი მწერლისთვის ალბათ ორმოცდაათი წლის შემდეგ იწყება (თუ მოდის) სიმწიფის ასაკი... და როგორც იტყვის მართლაც რომ დიდებული ფრანგი მეზღაპრე – ჩვენ ყველანი ხომ ბავშვობიდან და, აქედან გამომდინარე, ბავშვობის ზღაპრებიდან მოვდივართ...

თემურ შავლაძე:

ჩვენი კეთილი ანდერსენი

(„ლიტერატურული საქართველო” - N 11 19-25 მარტი, 2004 წ)

რაღაც უცნაურ დროში ვცხოვრობთ თუ მოვიაზრებით. ზოგადად ნიჰილიზმი, ირონიული (შეგნებულად არ მინდა ვთქვა – აგდებული!) დამოკიდებულება ღრღნის, ფიტავს, ხრავს თუ აცარიელებს ჩვენს – არა მარტო ქართულს, ეროვნულს, არამედ, ცნობიერებას – საერთოდ; სულ სხვა მხარეა, საკითხია, ვაცნობიერებთ თუ არა ამ (ამგვარ!) სავალალო მდგომარეობას თუ ყოფიერებას. ყოფიერებაც რა? განა მართლა გაცნობიერებული გვაქვს, თუ რას წარმოადგენს ყოფიერება, მისი არსი? თუ მართლაც და მართლაც, მარტოოდენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ, უფრო სწორად, ვცხოვრობთ არსებობისათვის და ვარსებობთ ცხოვრებისათვის. ასეთია, ზოგადად, ჩვენი მკაცრი თუ უმკაცრესი რეალობა. და ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი ყოფისა და არსებობის წესია – წესად ქცეული! – ავი დრო-ჟამის შედეგი – დღემდე! და მართლაც, თუ კარგად გავაცნობიერებთ, ჩვენ მართლაც რაღაც მითოლოგიზირებულ, ზღაპრულ დროში აღმოვჩნდით (თუ ისევ და ისევ მოვიაზრებით!). მაგრამ, შორს ნუ გავყვებით ვარამს. წკვარამშიც შეიძლება კეთილშობილი აზრისა და თვალსაზრისის დალანდვა-წარმოჩენა, გნებავთ, აღმოჩენა.

დღეს რომ ზღაპარი წერო, მართლა მეზღაპრე უნდა იყო – შენი კაცობრივი არსით, მოწოდებით და შინა – არსით, დიახ, ადამიანური შინაარსით! არადა, ჩვენ, დიდებს, ბავშვობიდანვე, ინერციით, მოგვწონს და გვიყვარს ზღაპარი, თბილად, რატომღაც ბუხართან წარმოსადგენი (ასოცირებული!) და მაინცდამაინც (ისევ რატომღაც!) მხოლოდ პაპა-ბაბუის მიერ მოთხრობილი ამბავი – დევების, ჯადოქრების, ალქაჯების, მეფე-უფლისწულების, მზეთუნახავების, სილამაზე – სიმახინჯის, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება – ურთიერთობის შესახებ. არადა, მართლა საინტერესოა, გვყავს კი ჩვენ, ქართველებს, დღეს მეზღაპრე? დიახ, მეზღაპრე! და ვიცნობთ კი ჩვენ, მას, დიდები – ზღაპარ და ზღაპარგამოვლილები! გულწრფელად უნდა ითქვას: ყველა ისტორიული თუ პრეისტორიული მეზღაპრე (რა თქმა უნდა, უცნობი!) შემოქმედი იყო, მწერალი, თუმცა უსახელოდ ხალხის (ხალხურ! ფოლკლორულ!) სულიერ საუნჯეში ჩაკირული, ჩადუღაბებული და, საბოლოოდ, დავანებული. ისინი თხზავდნენ, ქმნიდნენ ამბავ-საუნჯეს ალალად, გულწრფელად და დაუყვედრებლად. დღეს კი, დღევანდელი წიგნის ბუმის პირობებში, როდესაც უსახურმა, მდარე და გრაფომან-პლაგიატთა „ნამოღვაწარმა” ნიაღვარმა თითქმის გადალეკა ჭეშმარიტ შემოქმედთა ჯებირები, საერთოდ დააბნია მკითხველი და სიტყვას და აზროვნებასაც შეექმნა – საშიშროება თუ არა, უხერხულობა მაინც. ასეთ დროს, სულხან-საბასეული დახვეწილი, დაწნეხილი და მაღალმხატვრული ქართულით მობაასე მწერალი-მეიგავე-ლექსიკოგრაფი, დიახ, ლექსიკოგრაფი, გვთავაზობს საკუთარ ნაღვაწს, ზღაპარ-კრებულის სახით: „ზღაპრები. იგავები” („გულქანდა”,„კეთილი მეყვავილე”, „ბიჭი და ოქროს წურბელა”, „ტრაბუცა მელაკუდა”, „ლომი და კურდღლები”, „ჭიჭის ზღაპარი”, „ფაციკო”,„იყო შაშვი მგალობელი”, „იგავები”), სიმბოლურად რატომღაც (იგავების ჩათვლით!) – ცხრას, დიდებული პოლიგრაფიული დონითა და უმშვენიერესი ნახატებით წარმოჩინებულს (გამომცემლობა„ბაკმი”, მხატვრები: კონსტანტინე მაცაბერიძე (ნახატები 1, 4, 5, 6, 7, 8, 9,), ალ.ციხელაშვილი (ნახ. 2,3); რედაქტორი: რუსუდან მოსიძე).

გულწრფელად უნდა ითქვას, სწორედ ამგვარი ქართული ენობრივი სიმდიდრე-სიუხვით გაჯერებული წიგნი (წიგნები) უყალიბებს მოზარდს მეტყველებისა და, ზოგადად, აზროვნებითი მშვენიერების (მხატვრული, წარმოსახვითი!) სახეობრივ განცდას. და არც შემთხვევით ადარებდა ჩვენი დიდი წინაპარი სიტყვას – მარგალიტს. და, მიუხედავად იმისა, რომ, დღეს, თითქოს გაიოლდა სიტყვის თხზვა და ხელოვნური სიტყვათშეთანხმებითი (კომპოზიტებით!) კომპოზიციებით გატაცება, – სიტყვის, ენის დამძიმება (და ეს სენი ზოგიერთ ცნობილსა და აღიარებულ მწერალსაც დასჩემდა), ჩვენი კეთილი მწერალი-მეზღაპრე-მეიგავე მართლაც რომ მშვენიერ და სურნელოვან სიტყვიერ კრიალოსანს გვთავაზობს, გვაზიარებს – ყოველგვარი პრეტენზიულობისა და პომპეზურობის გარეშე და, გჯერა: ამგვარ სიტყვიერ-აზრობრივ (სიმბოლურ!) მელოდიკა-ჰარმონიულობას თვით დიდი სულხან-საბაც მოაწერდა ხელს. აი, თუნდაც ეს წინადადება, პირველივე ზღაპრიდან – „გულქანდა”:„...ესენი მალე ჩვენც აღარ დაგვინდობენ (დევებს ეხება! – თ.შ.), – ამოყელცრემლავდნენ ბრაზმორეული სოფლის კაცები და ჩიბუხების ხრჩოლვით ჩაათენებდნენ კიდევ ერთ ღამეს...” ამოყელცრემლავდნენ! ჩაათენებდნენ! – ჩაგვრის, ძალმომრეობა-ძალადობის, დამცირება-დამდაბლება-შეურაცხყოფის და, ზოგადად, უსამართლობის წინააღმდეგ შემართული კაცის ფსიქოლოგიური სახე-ხატის სრული გაცნობიერებაა ამგვარი სიტყვა-სიმბოლიკები და, როგორც ჩანს, ზღაპარიც, სწორედ ამგვარი ხატ-სახეობრივი აზროვნების ნიმუშია და, თუ მწერალი (მეზღაპრე!) ვერ ფლობს სიტყვის ამგვარ სახისმეტყველებით ფასეულობრივ-ენობრივ კულტურას, სიტყვის მხატვრული აზროვნების ფსიქოლოგიას, მაინც მდარე და უსუსური იქნება მისი, თუნდაც ღრმად შინაარსიანი ნაწარმოები.

და როგორ გგონიათ, რომელ და როგორ წიგნზეა ყველაზე რთული რეცენზიის, თუნდაც უბრალო წერილის შეთხზვა თუ შთაბეჭდილების გადმოცემა? რა თქმა უნდა, ზღაპრის წიგნზე! რატომ? იქნებ ვერც ახსნა, რატომ?!

ეს ზღაპრები კი, ყოველგვარი ტრადიციული „იყო და არა იყოს” (ორიოდე გამონაკლისის გარდა, ისიც, საწყისშივე, სახეცვლილი ფორმა-შინაარსით!) გარეშე იწყება. ესეც ერთი სიახლე. გარდა ამისა, აშკარაა, თვალშისაცემია, არა მარტო თხრობა, ამბის მბობა-მოყოლა, არამედ, როგორი და რაგვარია თვით თხრობა-მბობა და მეტყველება. თუ თურმე ზღაპარსაც თავისი ენა, ლექსიკა და მეტყველება ჰქონია, უფრო სწორად, სცოდნია; აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ზღაპრები, ენობრივი ფერწერული ფერადოვნებისა და მუსიკალურ-ბგერობრივი ჰარმონიის ნაზავია: „იარეს და იარეს, მთები გადაიარეს, გაიარეს მინდვრები და ბოლოს ერთ კლდეს მიადგნენ... იარეს და იარეს, მთები გადაიარეს. ტბებიც გადაცურეს და ზღვის ნაპირსაც მიადგნენ...” „კარგია, ახლა მგელს მივადგები, ვიცი, მგელი ბედასლი და ბაბაყულია... ერთ არვესაც წამოვასხმევინებ და ხორციც ბლომად მექნება და ფაცახიც... მგელმა სათვალე აიშუბლა და სტუმარს გაკვირვებით შეხედა... მგელმა ყანწი ჩააყელშუაწელა... ჩააყელწკვინტელა... მელაკუდამ... ჩამოუშუშპარა... ქვევრში ღვინო ჩაიფსკერა... ნამატმაც ისამჩლიქა... ...მელას კისერში სწვდნენ და თვალისწამში ადგილზე გაანისკარტბრჭყალეს...

და კიდევ რამდენი და ამდაგვარი სიტყვა-სამშვენისებია ამ ზღაპრებში ლალის თვალებივით მიმოფანტული („...კურდღლები ლომის ბაღს გაუმწკრივდნენ”, „წაეპირფერა ტურა მეფეს...” და ა.შ. და ა.შ.).

ბავშვი-ბავშვობაში, ისეთივე (შესაბამის!) ცხოვრებას წარმოსახავს, როგორსაც დიდი – დიდობაში. ხომ არსებობენ სულ (მთელი სიცოცხლე!) მეოცნებე ადამიანები, ადამიანი-ბავშვები და სწორედ მათზე მიუთითებდა ქრისტე-მაცხოვარი ფარისევლებს – ასეთი გულის-ცნობისა და გონების ხალხს მიბაძეთო, უფრო მართლად, სჯობს ასეთნი იყავითო, ანუ, დარჩით ბავშვებად – გულით, სიწრფელით, სიყვარულით, სიხარულით და უშუალობითო; და მართლაც, რა მშვენიერი ცნებაა – დიდი ბავშვები! ბავშვი (ბავშვობაში!) – დიდობაზე ოცნებობ, – გაიზრდები, დაკაცდები და... ბავშვობას შენატრი: – ნეტავ, იმ დღეებსო! მაგრამ, დაუბრუნებელს, რას დაიბრუნებ. და თუ მართლა უნდა დაიბრუნო, თურმე, ზღაპარს უნდა მიუბრუნდე. და ეს წიგნიც, ამდენ ხანს რომ ვსაუბრობ მასზე და ავტორი არც მიხსენებია, სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელთ, უფრო მართლად, თავად ავტორმა მისახსოვრა, გამომცემლობა „ბაკმში” სტუმრობისას, სტუმარ-მასპინძლობის წესის შესაბამისად. მეტი არც არაფერი. მეც მივიღე წარწერიანი ძღვენი-საჩუქარი. ამგვარ წიგნს კი, ნამდვილად ვეღარ გააჩუქებ. ჰოდა, მეც დავინტერესდი: მოდი, გადავხედავ-მეთქი! და გადავხედე კი არა, წავიკითხე. უფრო სწორედ, თავად წამაკითხეს თავი ზღაპრებმა; არადა, ჩემი შვილების ბავშვობის შემდეგ, ზღაპრისკენ აღარც გამიხედავს, ან ვის ეცალა ჩვენს ჟამკარარეულ დღევანდელობაში.

ერთი ბრძენი სოფელ-სოფელ დაიარებოდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა, ხალხსაც აოცებდა მისი ნათქვამი და დაუსაბამი ფიქრის გზა-შარას გაუყენებდა, ისევე, როგორც ბრძენი-მქადაგი: „მე ყოველთვის მაოცებდა სამი რამ – ორი ახალი და ერთი ძველი”. ან ამოხსნის კი ვინმე, თუ რას ნიშნავს ორი ახალი და ერთი ძველი?! ვინ უწყის?! დღეს კი, როდესაც საყოველთაო (თითქმის პლანეტარული!) აგრესიის ღვარცოფი წალეკვით ემუქრება ათი მცნების ცნობიერებას, იჯდე და წერდე ზღაპრებს, უფრო სწორად, ზღაპრებისთვის იცლიდე, მოიცდენდე თავს ამ „პრაგმატულ” საზოგადოებაში, ან მართლა დიდი ბავშვი უნდა იყო, ბავშვივით წრფელი და გულმართალი, ანდა ბავშვებზე და ბავშვობაზე მართლა გადაგებული მოამაგე და მოფიქრალი. მაგრამ, ზღაპარიც არის და ზღაპარიც. მისი ზღაპარი უარყოფს, თუ შეიძლება ასე ითქვას – ბოროტ აგრესიას; პირიქით, სიკეთის მსახურად მოიაზრებს ბოროტებასაც. და ამგვარი ხერხით, ერთგვარად ახალ, ზღაპრისთვის თითქმის უჩვეულო ნეოპლატონურ ესთეტიკას გვთავაზობს. ბოროტება კი არსებობს, მაგრამ იგი ღმერთის – უმაღლესი სიკეთის მიღმა შთენილი, უარსო სფეროა. ღმერთი ბოროტს არ ბადებს, არ მოავლენს ამქვეყნად; ბოროტება თავად ჩნდება, არსებობს, როგორც უარსობა – ღმერთის ნების მიღმა და გარეშე მდგომი და იტოვებს არსებობის უფლებას. მაგრამ ამ ზღაპრების სიკეთე იმდენად კეთილისმოქმედია, რომ ბოროტებასაც კი არ სპობს სრულიად, არამედ ეცოდება და სიკეთის სამსახურში აყენებს, რომ უარსობიდან -არსობისაკენ (არსისკენ, ღმერთისკენ!) შემოაბრუნოს; ანუ, უარყოფითს კი უარყოფს, მაგრამ, აგრესიას სიკეთის სილამაზით თრგუნავს და ბავშვს, და არა მარტო მას, მშვენიერების გულწრფელობას აზიარებს და მიასწრაფებს ამაღლებულისა და მშვენიერის საზიარებლად. ზღაპარი ხომ, თავისთავად, – რეალობაა ოცნებაში და ოცნება – რეალობაში! და მაინც, აქაც, მთავარი ენაა, სტილი, მეტყველება, როგორც არაერთგზის აღინიშნა. ზღაპრის სულიერი, იდეალური წარმოსახვითი სამყარო არასოდეს შორდება არსებული დროის ყოფითობას, ოღონდ გამძაფრებული ცნობიერება ცდილობს უკეთესი მერმისის დამკვიდრებას, აწმყოშივე. ზღაპრის ფუნქცია, არსი, მოვალეობა – სიკეთის მსახურებაა, იდეალის გულუბრყვილოდ განცდისა და უმარტივესი თხრობითი ხერხით სასურველის, საოცნებოს წარმოჩენის გზა. ანუ აქ ფორმა, შინაარსი და იდეა – ერთი არსის – სიკეთის ხატსახეობრივ განსაგნებას ემსახურება.

არსებობს ხანგრძლივი და ღრმა მეცნიერული კვლევის შედეგად შექმნილი სამაგიდო წიგნი, ვლადიმერ პროპის (1895-1970) „ზღაპრის მორფოლოგია” – მსოფლიო ფოლკლორისტიკის შედევრი, ამ დარგის მართლაც მსოფლიო სამაგიდო წიგნი. ამ მონოგრაფიაში, ფოლკლორისტულ შედევრში, სრულადაა წარმოჩენილი, გაანალიზებული და დასაბუთებული მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ზღაპრის ისტორიული და სტრუქტურული ანალიზი, ფუნქცია, მეთოდი, მასალა, მოქმედ პირთა ატრიბუტებისა და მნიშვნელობის საკითხი. მაგრამ, ჩვენს მიზანს არ შეადგენს ამ წიგნის მიხედვით პარალელების ძიება, ჩვენს მიერ წარმოდგენილ წიგნთან მიმართებაში, მით უმეტეს, ხელოვნურად, ძალდატანებით. და ეს არც არის სასურველი. ჩვენი მცდელობა-სურვილი, უბრალოდ, შთაბეჭდილების გაზიარებაა, თუ მით უმეტეს, დღეს (როდესაც!), საბავშვო ლიტერატურა და ზღაპარი მეტად იოლ, გასართობ და არასერიოზულ შრომად წარმოჩინდება – მწერლისა და მკითხველის თვალში. ესეც ჩვენი სააზროვნო სივრცის სიმცირე-სივიწროვე-სიპატარავეზე მიანიშნებს. მაგრამ, მჯერა, რომ ამგვარი წიგნების მეშვეობით, შემწეობითა და მოშველიებით, ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენს პატარებს მარტო წიგნი შევუძინოთ ან საჩუქრად მივართვათ – ოდენ საჩუქრის ფუნქციის გათვალისწინებით, არამედ, თავად ავტორსაც მივუბოძოთ ორიოდე ტკბილი სიტყვა მშვენიერი ტკბილქართულისა და სულიერი ამაღლებისათვის. თორემ ჩვენ, თითოეულს, ისეთი წარმოდგენაც კი გვაქვს შემუშავებული თუ გამომუშავებული, რომ, ზღაპრის წერა-შექმნას რა უნდა?! ნურას უკაცრავად, ბატონებო! სწორედ ზღაპარია საწყისი და ერთი ურთულესი, უმთავრესთაგანი ჟანრი მხატვრული აზროვნება-ცნობიერებისა. გააჩნია, ვინ როგორ აღამაღლებს და გაამშვენიერებს და შენც, ასევე, როგორ აგამაღლებს და გაგამშვენიერებს. ან, განა „ვეფხისტყაოსანი” თავისებური ვიწრო ფაბულური გაგებით, ზღაპარი არ არის?

და ბოლოს, ერთგვარი დასკვნა-შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ზღაპრის მთხზველისა და ლიტერატურული ფენომენის დედა-არსი, არის ის, რომ აქ, მის მიერ დღეს შექმნილ სამყაროში, ფსიქოლოგიურად, მაინც დღევანდელობის ყოფითი და ცნობიერი სახე-ხატი გიდგას თვალწინ (გინდა თუ არა, რეალობას ვერსად გაექცევი!) და როგორც აღვნიშნეთ, ბოროტების, როგორც არსის, ან პირიქით, უარსობის სრული განადგურება კი არ ხდება ანუ საბოლოო მოსპობა, არამედ, დამარცხებული ბოროტება გამარჯვებული სიკეთის სამსახურში დგება, ანუ, ხდება სიკეთის წილობილი („გულქანდა”,„კეთილი მეყვავილისა და კუკნა გოგოს ამბავი”, „ბიჭი და ოქროს წურბელა” და ა.შ.), თანაც, თავად სიკეთე განიცდის სიბრალულს მისდამი და ეხმარება სიკეთისაკენ, საბოლოოდ, შემობრუნებაში – ყოველ შემთხვევაში – სიკეთის ქმნადობაში მაინც; ასე რომ, ამგვარი მიდგომა სიკეთე-ბოროტების დაუსრულებელი, ამოუხსენლი პარადიგმისადმი, თავად ბავშვის, მოზარდის, ყმაწვილის ფსიქიკას აფაქიზებს, აკეთილშობილებს და ზნეობრივი განწმენდის ფუნქციასაც ითავსებს. და ეს ხდება ქვეცნობიერად, იმდენად უბრალოდ, მარტივად და შეუმჩნევლად, ძალადაუტანებლად, რაც მთავარია, უპრეტენზიოდ, რომ თავად ხდები ამ პროცესის თანაგანმცდელი და მონაწილე. ზღაპრის, ამ შემთხვევაში, როგორც ლიტერატურული ნაწარმოების დანიშნულებაც, ალბათ ეს არის. მწერლის სასახელოდ, სასიკეთოდ და სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ, ბონდო მაცაბერიძე არ ქმნის მძაფრსიუჟეტიან კომპოზიციებს, არ ძაბავს ბავშვის გონებას, პირიქით, ხელს უწყობს თავად ბავშვის ჩართვას მხატვრული აზროვნებისა და, გნებავთ, ამბის მდინარების პროცესში; არ შემოაქვს დაუჯერებელი – ფანტასმაგორიული სიუჟეტები, სცენები; პირიქით, იცის რა ბავშვის გულის მოძრაობის მიმართულება და კითხვისმიერი ჟამი – მით უმეტეს, დღევანდელი კომპიუტერიზაციის პირობებში – ბავშვს სთავაზობს იმას და იმდენს, რასაც მისი გონება დაიტევს, გაწვდება და კეთილად შეიმეცნებს.

ეს ზღაპრები, პირველ რიგში, თავადაა მხატვრული შემოქმედება, როგორც პატარებისთვის, ასევე ჩვენთვის, დიდებისათვის... და, იმედია, მომავალშიც ახალ და ახალ ქმნილებებს გვაზიარებს ჩვენ, მკითხველებს – ჩვენი კეთილი ანდერსენი – ბონდო მაცაბერიძე.

გურამ გოგიაშვილი

პიროფლიანი მეზღაპრის ჭირნახული

არ ვიცი, ვისი ან რისი გავლენით, მაგრამ მიწას ჯერ ძალიან არ აცილებულს კარგა ხანს მჯეროდა, რომ ცუდი ადამიანები - მოთავისენი, გულბოროტნი, თვალბოროტნი, ფლიდნი - ისინი არიან, ვისაც პატარაობისას ზღაპრების მოსმენა ან კითხვა არ უყვარდა. ეს, რასაკვირველია, ბავშვური გულუბრყვილობა იყო, თუმცა არც მთლად უსწორო და ნიადაგს მოკლებული. ამის თქმას კი ის მაბედვინებს, რომ დღესაც უმალ ვცნობ კაცობის კალაპოტიდან ამოვარდნილ ადამიანს, ანუ ვინც, როგორც კაცი, თავის დროზე სიკეთის დვრიტაზე არ შედედებულა. სიკეთის, ანუ ზღაპრის დვრიტაზე შედედება კი კაცურ კაცად ჩამოყალიბება მგონია...

ასეთ ზღაპრის დვრიტაზე, ანუ სიკეთის კვეთზე გამოკვეთილ ადამის შვილად შევიცანი ჯერ კიდევ ამ ათი-თხუთმეტი წლის წინათ დღეს უკვე სახელიანი მეზღაპრე, ანდა, როგორც ჩვენი ძველები იტყოდნენ, მევეპე, ზღაპრის მთქმელი, ზღაპარსიტყვადი ბონდო მაცაბერიძე, რომელსაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები (ბადიშიშვილებიც), ჩვენთან ერთად, თავისივე ზღაპრების კეთილ და ქველ პერსონაჟად იცნობენ.

თუ რატომ არის ის თავისივე ზღაპრების პერსონაჟი, თავადვე მიხვდებით, ხოლო ორიოდე სიტყვას აქ იმაზე ვიტყვი, თუ რატომ უყვართ ჩვენს პატარებს ეს მართლაც საოცარი მეზღაპრე, თუგინდ, ისევ ძველი ქართველებისა არ იყოს, კვლავაც მევეპე თქვით!

როგორც დიდ თუ სადიდო მწერლობაში არიან მთხზველები, რომელთაც თავიანთი სამწერლო ქვეყნები შექმნეს, სადაც თავიანთივე მიერ შექმნილი ადამიანები დაასახლკარეს, ბონდო მაცაბერიძეც იქნებ ერთ-ერთი პირველი ჩვენებური მეზღაპრე-მევეპეა, ვინც, ყველასაგან განსხვავებით, თავიანთი თვალუწვდენელი (ალბათ, საქართველოს ოდენა) ქვეყანა შეუქმნა ჩვენს პატარებს, და თუ ვინმე ან რამე არის სადმე ნამდვილ სააქაოში, სუყველა და ყველაფერი პატარებისთვის შექმნილ ზემოხსენებულ ქვეყანაში დაამკვიდრა...

ეს მცირე წერილიც სწორედ ამ ქვეყანაში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა დავწერე. იქ იმდენი ვინმე და იმდენი რამე ვნახე, სულიერი თუ უსულო, რომ ერთი პატარა წერილი კი არა, მთელი ერთი წიგნიც ვერ დაიტევს ყოველივე ნანახსა და განცდილს. ამიტომ მხოლოდ მთავარს ვიტყვი.

მთავარი კი ის არის, რომ ეს ჩვენი პიროფლიანი კეთილი მეზღაპრე თუ მევეპე ერთი წუთითაც მარტოს არ ტოვებს თავის ზღაპრებში სამოგზაუროდ მიწვეულ ნორჩებს და ყველასა და ყველაფერს თავის ზუსტ სახელს არქმევს, თამაშ-თამაშ ასწავლის და აჩვევს მსმენელ თუ მკითხველ გოგონებსა და ბიჭუნებს მშობლიური ენის ანკარა მდინარეში ცურვას... აი, მაგალითად, სოფელ სამსოკოთაში ასობით პატარ-პატარა მუხის ნერგს ამოეყლორტა ბებერ მუხაზე, რომლის ძირასაც გაშენებულია ეს სამსოკოთა, სადაც დობილი სოკოები წუთისოფლობენ და სულ ჭორჭრიჭინში არიან. თუ ჭიანჭველას ჭოჭრომელი ჰქვია, პეპელა პეპლათარია, გვირილა კი გვიმარისი. აქვეა ფუტკარი ფუნთო, რომელიც გვიმაროსს ჩაუბზუბზარაკებს ხოლმე. ხოლო სტაფილოპარია ბაჭიამ შვიდი დღე და ღამე იარა და მერვე საღამოს ერთ გამოფუღრულ მუხას მიასტუმრა, ხურჯინი კუთხეში მოისროლა, ოთხად მოკეცილი ყურები თავქვეშ ამოიდო და მშვიდად მიიძინა. რახან სიტყვამ მოიტანა, ბარემ ისიც ვთქვათ, როგორ შეჰყვა ერთი მელაკუდა სამთავა დევს სიზმარში, რომელი დევის ორ თავს ისეთი ძილქუში დასცემოდა, აქლემების ქარავანს რომ გაევლო იმათ ყურებზე, მაინც ვერ გაიგებდნენ. თანაც კიდევ ამ სამთავა დევმა ღვინით სავსე ჩაფი ბოლო წვეთამდე ისე ჩააფსკერა, ერთი არ დაუბობორიყია...

ალბათ, მიმიხვდით, რომ განგებ ვამახვილებ ყურადღებას ზღაპრების ენის ხატოვნება-სურათოვნებაზე. იმიტომ რომ, ავტორ-მეზღაპრესთან ერთად, ბონდო მაცაბერიძის ზღაპრების მთავარი პერსონაჟი თვითონ ჩვენი ენაა, ჩვენი ქართული... აბა, ნახეთ, რა მოსდის გულკეთილი ჭიანჭველის ბეღელს: ჭიჭრომელის ბეღელიც ისე სწრაფად ჩაილია და გამომარცვლდა, როგორ სწრაფადაც აპირთავდა და გაიტისნა ბეღლის კართან მდგარი ტომრები. ანდა: აქ თევზი წყლიდან წუმწუმ ამოჰყავთ; ვიღაცა ცოტას მოიდაღლისებს, მზერას ააცისზევითებს, სიტყვას ამოაპირთბაგებს, ტყეში ჩაიბილიკებს; ვიღაცა ვიღაცას მიიგულმკლავებს, ხოლო გველეშაპის პირიდან ამოფრქვეული ცეცხლი უბრალოდ კი არ დაუწვავს და დაუბუგავს მავან მონადირეს თოფ-იარაღს, არამედ დაუფერფლნაცრებს და თანაც თვალებიდან ცრემლს გადმოათქრიალღვარებს.

როცა საჭიროა, ეს ჩვენი კეთილმოქართულე მეზღაპრე არც ენის გასატეხს ერიდება და გადაგდებულ ძველ სპილენძის თუნგს, რომელიც უმადურმა პატრონმა მოიძველია, ისეთი ქართულით ამეტყველებს, რომ ზოგიერთი ამჟამინდელი ქართველის, კერძოდ კი, ჩვენი მთავრობის წევრისა თუ პარლამენტარის მეტყველება შემირცხვენია! ამ ძველ თუნგს ბავშვების ჟივილ-ხივილზე თავისავით ძველი დრო ახსენდება, თუ „როგორ ჩაუწყალწყურვილებდა ხოლმე მინდვრად მობურთალ ყლუპდანატრებულ ბიჭებსა და გვირილიანში ჩიტ-პეპელას დადევნებულ გოგო-გოგუცანებს...“

აკი გითხარით, რომ მივყვე, მართლაც ერთი მოზრდილი წიგნი გამოვა ბონდო მაცაბერიძის ზღაპრების „სიტყვისკონა“. თანაც ისე ბუნებრივად და თვალდაგულმიმტაცად „ასხია“ ეს სიტყვები (ძირითად რაჭულ კილოკავზე ამოდუღებული) ამ ზღაპრებს, როგორადაც რაგინდარა ხეხილს თავისი ნაყოფი.

ვინც თავს ქართული ენის ნამდვილ ჭირისუფლად გრძნობს, მჯერა, ამ კეთილი პიროფლიანი მეზღაპრე-მევეპის ზღაპრებს არ გამოილევს ოჯახში თავისი პატარებისთვის, რომელთაც დღეს, ჩვენდა საუბედუროდ, მაინცდამაინც ბედაური ქართული არ ესმით, რომელმა ქართულმაც მრავალი საუკუნის სიგრძეზე ბერძნულ-არაბულ-მონღოლურ-სპარსულ-თურქულ-რუსულ ენათა წიაღ ასე თუ ისე შეურყვნელად მოიტანა თავი აქამდე და ამჟამად საბედისწეროდ თუ არა, იქნებ საეჭვოდაც არის შეჭიდებულ-გადახლართული ყოვლისშემძლე ინგლისურს, ფრანგულ-გერმანულ-ესპანურსა და ევროპის სხვა ენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რაც შეეხება პიროფლიანობას, ეს ფშაურძირიანი სიტყვა ჩვენს მთაში ახლაც საერთო-საქვეყნო საქმისთვის თავგამოდებული კაცის სინონიმია (იქნებ ცოტა მეტიც) და, ჩემი აზრით, ზუსტად შეესატყვისება ჩემს უკვე ორჯერ ოცდახუთის წლის მეგობარს, რომელმაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დააარსა გამომცემლობა „ბაკმი" და თუ თავისი ზღაპრებისა და იგავების ჯერჯერობით მხოლოდ ცხრა წიგნი მიაწოდა მკითხველს, სამაგიეროდ ამ არცთუ დიდი ხნის მანძილზე ხუთასი დასახელების სხვათა წიგნები გამოსცა, რომელთა გამოც ერთი აუგიანი სიტყვაც არა სმენია გამომცემელს, დაახლოებით ასეთი - გატეხა და გადააგდო: ფუ, გამჭედი გაგიწყდესა!..

ერთი სიტყვით, როცა კაცმა ნახევარი საუკუნე მართლაც „ზღაპრულად“ განვლო, ეს უკვე იმის საწინდარია, რომ მეორე ორმოცდაათსაც „ზღაპრულადვე“ „შემოიფშვნეტს“, მით უმეტეს, თუ ზღაპარში ცხოვრობს, სადაც ყველაფერი ხდება...


ქეთევან შენგელია
ჩვენ ყველას გვჭირდება ზღაპრები...

(წიგნიდან „მზისფერი ქუდი” - ლიტერატურული ნარკვევები და ესეები)

(გამომცემლობა „უნივერსალი” - 2005წ.)

„ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი” (იოან 3.19). ეს სიტყვები არაფერს ისე არ ამართლებს, როგორც ზღაპარს. რწმენასთან ერთად, ის ერთი ნათელი სხივია, რომელიც მხატვრული გამონაგონის სიბრძნით კურნავს იარას და ცხოვრების ფილოსოფიური აღქმისა და გააზრების უმშვენიერეს გზას გვთავაზობს. ადამიანს ჰაერივით სჭირდება იმედი, ამიტომ იგი მისი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი დასაყრდენია; ზღაპარი კი იმედების ასრულების მოკარნახეა, რომელიც მიუთითებს, რომ მხოლოდ სიმამაცე და გონიერება არასდროს არის ისეთი, როგორიც ადამიანს უნდა, რომ იყოს; ამიტომ ზღაპარი თავშესაფარიც არის ახდენილი ოცნებისა. კაცი კი რაზე ოცნებობს?! იმაზე, რომ სიკეთემ სძლიოს ბოროტებას, სიყვარულმა ფრთა გაშალოს, სულში დათბეს, ზეიმურმა წესრიგმა და მყუდროებამ დაისადგუროს, იყოს მთავარი და არა აუცილებელი ფასეულობები.

ზღაპარს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოველი კულტურული ერის ცხოვრებაში. ის, განსაკუთრებით, შებინდების შემდეგ მოსაყოლი ამბავი იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თვლიდნენ, რომ მეზღაპრე, რომელიც დღისით მოყვება ამბავს, შემდეგ საშინელი სიზმრების ტყვეობაში აღმოჩნდებოდა. ზღაპარს ყველგან ყვებოდა ხალხი: მინდორში და წისქვილში, ყანაში, სამჭედლოში, ხატობაში... რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანთა ცხოვრების წესისათვის აუცილებელი და მეტად ფასეული რამ იყო;

... მაგრამ არავის ისე არ სჭირდება ზღაპარი და საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრა, როგორც ბავშვს, რომლისთვისაც ეს სამყარო მხოლოდ ნათელი ფერებით მოხატული პალიტრაა. მისთვის არ არსებობს დამარცხებული მეგობრობა და სიყვარული. ზღაპრის კეთილი „ბოლო” ბავშვის წარმოდგენებისას ლოგიკური დასასრულია.

... ისიც ლოგიკურია, რომ სწორედ დღეს, როცა საქართველოში ასე მომრავლდნენ ნაცრისფერი დღეები, ყოფაცხოვრებითი ყოველდღიურობიდან თავის დასაღწევად, მეზღაპრე შეიძლება იქცეს ადამიანის უპირველეს მეგობრად. არსებული სინამდვილიდან გამომდინარე ისე მოგვნატრებია ზნეობრივი სიმრთელე, უშურველი სიკეთე, მარადიულ ფასეულობებზე დაფიქრების სურვილი, რომ არ შეიძლება ზღაპარს არ მივუბრუნდეთ.

ლიტერატურულათმცოდნეობითი ანალიზიც და ნაწარმოების უმნიშვნელო შეფასებაც ინდივიდუალური შემოქმედებითი აქტია, ამიტომ ყოველი ცალკეული მკვლევარის მიზანდასახულობა და შეფასება განაპირობებს მწერლის შემოქმედების ანალიზის შედეგად მიღებულ განსხვავებულ, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ დასკვნებსა და კონცეფციებს. იგივე შეიძლება ითქვას ბონდო მაცაბერიძის ზღაპრებზეც.

მინდა დავასახელო მისი რამდენიმე ზღაპარი: „გულქანდა”,„ლომი და კურდღლები” და „ფაციკო”.

ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პირველი ორი ზღაპრის ბოლო კეთილია. პატარა ბიჭი, გულქანდა, დევებს შეებრძოლება და გააბედნიერებს სოფელს. მეორე ზღაპარში კი, კურდღელი და ბაჭიები, ტურას მონდომებით, ბოროტ ლომს, ტყვედ ჩაუვარდებიან; ისინი დათვის დახმარებით ახერხებენ ლომის სასახლის დანგრევასა და მეფისა და მისი მცველების განადგურებას. ზღაპარს მშვენიერი საბავშვო ლექსიც ერთვის, რითაც ავტორი კიდევ ერთხელ გვატყობინებს, რომ ეს ძილის წინ მოსასმენი ამბავია და პატარებს პოეტური გამონაგონითაც უდასტურებს სიკეთის უპირატესობას ეშმაკობაზე და ბოროტებაზე. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა დათვი, რომლის მეშვეობითაც დაჩაგრულმა, ანუ, იმ კონკრეტულ შემთვევაში განწირულმა, უნდა დაამარცხოს ძალმომრეობა. ე.ი. დათვი აქ გამოგზავნილი სასწაულია, ის მოკარნახეა გამარჯვების გზის.

ადამიანს ნებისმიერი სახის ძალმომრეობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა კეთილშობილურ და ჰუმანურ თვისებებს უძლიერებს, რის გამოც ჯანსაღი და რაინდული სული უყალიბდება. ზღაპრის გმირთა ფიზიკური და ზნეობრივი სრულყოფილება ბავშვის მეხსიერებაში სამუდამოდ ტოვებს დაუვიწყარ პასაჟებს.

მწერლისეულ სახეთა სამყაროს შესწავლით ზღაპრის (და არა მარტო ზღაპრის) წერის დროს რელიეფურად იკვეთება შემოქმედის თავისებურება და გარკვეულწილად მისი სტილიც. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ზღაპარი “ფაციკო”, რომელიც ბავშვებსა და დიდებს ერთნაირად ეკუთვნის. ზღაპრის გმირები ჩვენი დროისა და არსებული სინამდვილის შვილები არიან.

ამბავი მთაგორიან სოფელში ხდება, სადაც საზოგადოების (ამ შემთხვევაში ფრინველების) მიერ დაწესებული კანონების მოწინააღმდეგე ფაციკო (ქათამი) არ იზიარებს დანარჩენების მიერ აღიარებულ ცხოვრების წესს. იგი სურვილისამებრ ატარებს დროს და არ ნებდება ამქვეყნიურ სიმკაცრეს. მის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა და გაკიცხვის მსხვერპლი, ბოლოს მაინც მოახერხებს სხვადასხვა ფრინველთა მიერ დადებული კვერცხებიდან წიწილების დაფრთიანებას; მათი სიყვარულითა და მზრუნველობით აღზრდას. “შვილებიც”, ვიდრე ჭკუა და სირცხვილის გრძნობა გაუჩნდებათ, გვერდიდან არ სცილდებიან დედას, – წერს ავტორი. ჭკუასთან ერთად ჩნდება სირცხვილის გრძნობაც, ერთია მხოლოდ, საზოგადოება ზო

გჯერ უფრო იოლად არცხვენს ადვილად დასაჩაგრს, მოსაფრთხილებელსა და გამორჩეული ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანს, ვიდრე ნამდვილ სამარცხვინოსა და საზარელს. აქ სწორედ ამგვარ შემთხვევას გვთავაზობს ავტორი.

ფაციკო შვილების უბედურებას შეეწირება, რადგან მან, როგორც გამორჩეულმა, სიყვარული და თავდადებაც გამორჩეული იცის. ფაციკოს სიკვდილის შემდეგ დიდხანს აღარ “გამოსულან სოფლის შარაზე საჭორაოდ წუნკალა დედლები (ან ვისზე უნდა ეჭორავათ?!)” და არც ბებერი ძვლების გასაფიცხებლად ჩამომსხდარი მამლები უნახავს ვინმეს. ყოველ საღამოს შეივლიან ცაციკო და ვარიკო კერაზე კვარის ასანთებად. ვინიცობაა, შვილებმა შემოიარონო, – წერს მეზღაპრე. ფაციკო ის ნათელი სხივი იყო იმ მთაგორიან სოფელში, რომლის გარეშეც მუდამ ერთფეროვნება ისადგურებს ხოლმე. ფრინველთა მოწყენილობაც ბუნებრივი მოვლენაა ზღაპარში, რადგან მონატრება მხოლოდ გამორჩეული “რამის” შეიძლება. ის რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ვერ ახარებს თვალსა და გულს.

ლიტერატურის ყოველი ჟანრი, სულ მცირე, ერთი, მკვეთრი გამორჩეული სახასიათო შტრიხით მაინც იქცევს ყურადღებას. ზღაპრები, ბავშვობის დროინდელ ჯადოსნურ სამყაროში გვაბრუნებს, გვასვენებს, ენერგიით გვავსებს...

ბონდო მაცაბერიძე, მხოლოდ მეზღაპრე კი არა, ლიტერატორული და ქართული ხალხური ზღაპრების მშვენიერი წიგნების გამომცემელიც გახლავთ და ვფიქრობთ, ამგვარი გარჯაც მადლიერების გრძნობას იმსახურებს... ჩვენ ყველას გვჭირდება ლამაზი ზღაპრები და მზესთან სიახლოვის განცდა.